ვენესუელას ხელისუფლება ქვეყანაში „მშვიდობის დარღვევაზე პასუხისმგებლობას“ აშშ-ს მთავრობასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკისრებს. ამის შესახებ ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეასამ განაცხადა.
„ვენესუელა საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში აყენებს, რომ ქვეყანაში მშვიდობის ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს რასისტურ მთავრობასა და მის პრეზიდენტს დაეკისრება“, - განაცხადა ვენესუელას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ხორხე არეასას განცხადებით, ვენესუელასთვის მუქარით ტრამპი გაერო-ს წესდებაში გაწერილ ძირითად პრინციპებს არღვევს.
გუშინ ფლორიდას შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „აშშ ყველა ვარიანტს განიხილავს ვენესუელაში არსებული კრიზისის გადასაჭრელად“.