ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ საქართველო დინამიურად ვითარდება

250 მილიონი ევროს გამოყოფა საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ ევროპას უფრო დაუახლოვდეს და მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და მისი პოტენციალი გამოიყენოს ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ საქართველო დინამიურად ვითარდება, რეგიონში ლიდერია. ჩვენ, ევროპის საინვესტიციო ბანკი ვართ ევროკავშირის საინვესტიციო ინსტრუმენტი და ჩვენი საქმიანობა ადასტურებს, რომ საქართველო უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილია. ახალი გზების მშენებლობისთვის, არსებულის რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარებაა, 250 მილიონი ევროს გამოყოფა საქართველოს საშუალებას მისცემს, რომ ევროპას უფრო დაუახლოვდეს და მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და მისი პოტენციალი გამოიყენოს ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით ვერთვებით კლასიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ვაუმჯობესებთ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც გზების, რკინიგზის განვითარებაში გამოიხატება. ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. პრემიერმა ბრძანა, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, ქვეყანას ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, ადამიანური კაპიტალის, ისტორის, გეოგრაფიული მდებარეობის გამო და ინოვაციური ლიდერია რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ინიციატივაში დიდი სიამოვნებით ვერთვებით და საქართველოს უფრო მეტ ინოვაციურ პროექტში დავეხმარებით და დავუჭერთ მხარს.

ეს 250 მილიონი ევროს მოცულობის სესხი არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტის - 6,1 მილიარდი ევროს ფარგლებში გამოყოფილი დახმარება, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილებით გამოიყო“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა