ოთარ კახიძე - დაუშვებელია,  პარლამენტი დამოკიდებული იყოს ჩინჩალაძის ჯგუფზე და დეპუტატებს განსახილველად მათი გაფილტრული სია მოგვდიოდეს

„გთავაზობთ, რომ საბოლოო კენჭისყრამდე სარეიტინგო გამოკითხვა ჩატარდეს და სამი მეოთხედის მხარდაჭერილი კანდიდატები წარსდგნენ უკვე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებად დასამტკიცებლად,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმგვარად წარმართა ეს პროცესი, რომ ჩინჩალაძის ჯგუფმა საკუთარი თავი წარუდგინა პარლამენტს.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლმსაჯულების სისტემის მაკონტროლებელმა ჯგუფმა იმგვარად ჩაატარა პროცესი, რომ საქართველოს პარლამენტს პრაქტიკულად საკუთარი თავი წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად. თუკი ნდობის რაიმე ხარისხსი იყო შერჩენილი, ამ წარდგინებამ ისიც დაუკარგა ამ ჯგუფს, ვინაიდან მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისადმი გახლდათ ცინიკური და გახლდათ კონსტიტუციისა და პარლამენტის უპატივცემულობა.

დაუშვებელია, რომ საქართველოს პარლამენტი დამოკიდებული იყოს ჩინჩალაძის ჯგუფზე და ჩვენ დეპუტატებს მოგვდიოდეს განსახილველად მხოლოდ მათი გაფილტრული სია. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მომხრე ვართ, რომ პარლამენტს ჰქონდეს უფრო ფართო არჩევანი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თითოეულ წევრს ჰქონდეს უფლება, წარმოგვიდგინოს შესაბამისი კანდიდატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი მოსამართლეთა კანდიდატურებზე. ამიტომ გთავაზობთ, რომ საბოლოო კენჭისყრამდე სარეიტინგო გამოკითხვა ჩატარდეს და სამი მეოთხედის მხარდაჭერილი კანდიდატები წარსდგნენ უკვე საბოლოოდ დასამტკიცებლად,“ - განაცხადა კახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული რეფორმა წინა ხელისუფლებამ არ მიიყვანა ბოლომდე, რადგან არ სურდა სასამართლოზე კონტროლის დაკარგვა და მისივე თქმით, ეს „ტრადიცია“ გააგრძელა „ქართულმა ოცნებამაც“.

„აუცილებლად მინდა შევეხო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმას. ეს არის რეფორმა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო, თუმცა არ მიიყვანა ბოლომდე, რადგან არ სურდა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის დაკარგვა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს „ტრადიცია“ გააგრძელა და თქვენც არათუ ბოლომდე არ მიიყვანეთ, არამედ შემოსაზღვრეთ ისე, რომ დანაშაულთა უმრავლესობაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ მოქმედებს. ამიტომ თუ გვინდა, რომ რეალურად ამაღლდეს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა, მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე და ავამოქმედოთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა