ბოკერია - პროკურატურა ხშირად გვეუბნება, რომ ამა თუ იმ საქმეზე ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას, რათა ჩარევა არ მოხდეს - „თიბისის“ საქმეში რომ ჯერ არაფერი იყო გარკვეული, მთელ მსოფლიოს რატომ მოსდეს?

პროკურატურა ხშირად გვეუბნება, რომ ამა თუ იმ საქმეზე ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას, რათა ჩარევა არ მოხდეს, და „თიბისის“ საქმეში რომ ჯერ არაფერი იყო გარკვეული, მთელ მსოფლიოს რატომ მოსდეს, რომ ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკურ მოთამაშეს თურმე 11 წლის წინანდელ ამბავს უქექავენ? - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები, კერძოდ კი პროკურატურა და ეროვნული ბანკი აღნიშნულ საქმეში ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შემდეგ ჩაერთვნენ.

„გუშინ მოვისმინეთ ქალბატონი წულუკიანის მორიგი შედევრი, სადაც ის ღიად დაემუქრა ამ კონკრეტულ პირებს. მოგიყვანთ ციტატას - „ბანკს ის მოუვა, რასაც ბატონი ხაზარაძე დაიმსახურებსო“. ანუ, როგორც ხაზარაძე მოიქცევა, იგივე ელის ბანკს. ეს ტექსტი იყო ძალიან მკაფიო და თან იქვე ამბობს, რომ არაფერში ერევიან. ამიხსენით, რომელ ხაზს აწვებით - არ ერევით თუ ცუდ ხალხს ებრძვით? ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ აქაც სურათი იყო ძალიან მკაფიო. ჯერ ივანიშვილმა გააკეთა განცხადებები, პირდაპირ, მის სტილში, დაასახელა სამიზნე - „თიბისი ბანკი“ და ბატონი ხაზარაძე, რომელიც თურმე უმადურია და მადლობა არ გადაუხადა მას. ამას მოჰყვა სოციალურ ქსელებში და სხვაგან მმართველ გუნდთან დაკავშირებული პროპაგანდის ორგანოების მხრიდან დემონიზების მთელი კამპანია, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთვნენ სახელმწიფო ინსტიტუტები - პროკურატურა და ეროვნული ბანკი. ამიხსენით, ეს მიმდევრობა კითხვის ნიშნებს არ გიჩენთ? არ გაქვთ კითხვები, როდესაც ივანიშვილის განცხადებებს მოჰყვება ეს ყველაფერი? და კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა მაქვს. პროკურატურა ხშირად გვეუბნება, რომ ამა თუ იმ საქმეზე ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას, რათა არ მოხდეს ამაში ჩარევა. ამ საქმეში რომ ჯერ არაფერი იყო გარკვეული, მთელ მსოფლიოს რატომ მოსდეს, რომ ერთ-ერთ მსხვილ ეკონომიკურ მოთამაშეს თურმე 11 წლის წინანდელ ამბავს უქექავენ? რატომ გააკეთეს ეს, თუ ამაში პოლიტიკური ინტერესი არ იყო?“ - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა