დიმიტრი ცქიტიშვილი „თიბისიზე“ - ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს ყველაფერი ივანიშვილს მიაწეროს, ნებისმიერი თემის პოლიტიზირება მოახდინოს

ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს ყველაფერი ივანიშვილს მიაწეროს, ნებისმიერი თემის პოლიტიზირება მოახდინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ „თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ბუნებრივია, მისი დამფუძნებლების მიმართ გაჩენილი კითხვები საზოგადოებაშიც დამატებით კითხვებს აჩენს.

„ბუნებრივია, რომ სანამ მიმდინარეობს ეს გამოძიება, კითხვებიც ღია იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას გამოძიებული ეს პროცესი და მისი დასრულების შედეგად ყველა კითხვაზე იყოს პასუხი, რომ არანაირი ეჭვი არ დარჩეს", -განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევასთან დაკავშირებით ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

„შესაძლებელია ეს საკითხიც იყოს განხილული, თუმცა ამ ეტაპზე მე მგონია, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ისეთი საგამოძიებო პროცესის წარმოება, რომელიც საბოლოო ჯამში არც ერთ კითხვის ნიშანს არ დატოვებს საზოგადოებაში“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება, ცქიტიშვილი პასუხობს, რომ ოპოზიცია ნებისმიერი საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს.

„ფაქტია, რომ ოპოზიცია ყოველთვის, ყველაფერზე ცდილობს, რომ მიაწეროს ივანიშვილს, პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერი თემის. შედეგი გვაჩვენებს, არის თუ არა ეს პოლიტიკური პროცესი. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება პოლიტიკური პროცესი და კითხვებზე იქნება პასუხები“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს