ევროკავშირი საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერას აგრძელებს

ევროკავშირის დაფინანსებით ლიეტუვასა და საქართველოს შორის დაძმობილების პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო სამსახურის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოებას. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პროექტ „საჯარო სამსახურის ბიუროს შესაძლებლობების გაძლიერება საჯარო სამსახურის რეფორმის განსახორციელებლად“ გახსნითი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის კანცლერი ალგირდას სტონჩაიტისი, საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი გიედრიუს პოაჯუნასი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო სამსახურის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოებას. პროექტი დაახლოებით 2 წელი გრძელდება და ამ დროის განმავლობაში ლიეტუველი საჯარო მოხელეები საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელებს გაუზიარებენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საჯარო სექტორში მიმდინარე რეფორმის კიდევ უფრო წარმატებით განხორციელებას.

მხარეებმა ღონისძიებაზე ისაუბრეს პროექტის ამოცანებზე, მოსალოდნელ შედეგებზე და ასევე საქართველოში საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის მიღწევებზე.

„საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროპული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ტენდენციის შენარჩუნება და კიდევ უფრო წახალისება, რასაც ხელს უწყობს ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროგრამები. ამის კარგი მაგალითია მიმდინარე პროექტი, რომლის ოფიციალურ გახსნით პრეზენტაციაზეც დღეს ვიმყოფებით. სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყანა სწორედ ლიეტუვაა, რადგან საქართველოს და ლიეტუვას ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის ყველა სფეროში“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა.

„ლიეტუვა მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მის მტკიცე არჩევანს მიბაძოს ევროკავშირის მაგალითს, შექმნას ღია, დემოკრატიული, სამართლებრივი და წარმატებული სახელმწიფო. მჯერა, რომ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი ჩვენი სახელმწიფოების, საჯარო სამსახურებისა და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის დამაკავშირებელი კიდევ ერთი ხიდი გახდება“, - განაცხადა ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-კანცლერმა ალმინას მაჩულიუსმა.

უწყების ინფორმაციით, საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწას და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, სასწავლო სქემების შემუშავებას და დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოსა და ლიეტუვას მთავრობის, საქართველოს საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა