ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე კამათისას ურჩია, “ნუ ამეცადინებს იურისტებს, რომლებიც კანონს კარგად კითხულობენ“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იკამათეს.

პოლემიკა “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც გარდამავალი დებულებებით განისაზღვრა, რომ

მეშვიდე და მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე შეუნარჩუნდებათ.

პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელია დაინტერესდა, რატომ უნარჩუნდება სახელმწიფო დაცვა დავით ბაქრაძეს, ვინ იყო ამის ინიციატორი და რა არგუმენტაციით. აქვე ბესელიამ პროექტზე მომხსენებელს, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს მიმართა, რომ მისი ინფორმაციით, იდეა სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან არ მოდიოდა და ეს იყო “ბატონი ირაკლის შეთავაზება“.

“პროექტს პირველი მოსმენით განხილვის დროს დაემატა საკითხი წინა მოწვევისა და წინის წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების შესახებ. წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში, ეს ისედაც გათვალისწინებული იყო, მაგრამ რატომ დაემატა ორი მოწვევის უკანა პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის შესაძლებლობა? მე ვიცი, რომ ეს თქვენი იდეა არ იყო და თუ არ ვცდები, ბატონი ირაკლის შემოთავაზება იყო. რა არის ამის არგუმენტაცია? არ მომწონს მიდგომა, როცა კანონში ჩნდება ჩანაწერი კონკრეტული პიროვნებისთვის. ეს კარგად არ იკითხება! ეს ამ შემთხვევაში ბატონ ბაქრაძეს ეხება. არა მაქვს პერსონალური ემოციები, მაგრამ არ მომწონს, როცა კანონში გაჩნდა ჩანაწერი კონკრეტული პერსონის გამო. მე ვიცი, რომ ეს თქვენი ინიციატივა არ იყო“, - მიმართა ეკა ბესელიაანზორ ჩუბინიძეს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ დადგენილება პარლამენტმა მიიღო, რაც აისახა კანონპროექტში, რათა რაიმე კოლიზია არ შექმნილიყო.

ეკა ბესელიაირაკლი კობახიძემ უპასუხა და როგორც განაცხადა, საკითხის ინიციატორი თავად არ იყო.

“რაკი ადრესატი მე ვიყავი, გაცნობებთ, რომ საკითხის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. თქვენ იცით, ვინ იყო საკითხის ინიციატორი. რაც შეეხება გარდამავალ დებულებებს, კანონის გარდამავალ დებულებებში ერთჯერადი რეგულაციები იწერება, განსხვავებით ძირითადი დებულებებისაგან. ეს ყველაფერი პროექტის გარდამავალ დებულებებში იმიტომ წერია, რომ არის ერთჯერადი თავისი ბუნებით და ბუნებრივია, რომ ეს იურისტს არ უნდა ესწავლებოდეს“, - განაცხადა კობახიძემ ეკა ბესელიას საპასუხოდ.

თავის მხრივ, ბესელიამ კობახიძეს ურჩია, რომ “ნუ ამეცადინებს იურისტებს, რომლებიც კანონს კარგად კითხულობენ“.

“კანონს კარგად რომ ვკითხულობ, კითხვას ამიტომ ვსვამ! მე არ ვიცი, ეს ვისი ინიციატივა იყო! ეს ალბათ, თქვენ იცით, ვისი ინიციატივაც იყო. არ ვიცი, ვინ არის ავტორი ამ არაჩვეულებრივი მიგნების. ამდენ მეცადინეობას ჯობია, პასუხი მივიღოთ კითხვაზე, თუ ვინ იყო ინიციატორი და რატომ“, - მიმართა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი, აღნიშნულ პირებს სახელმწიფო დაცვა მთავრობის გადაწყვეტილებით გაუგრძელდებათ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ამასთან, პროექტს გარდამავალი დებულებების სახით დაემატა მუხლი, რომლის მიხედვით, მეშვიდე და მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებს - დავით ბაქრაძესა და დავით უსუფაშვილს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე შეუნარჩუნდებათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა