ერთგვარი უხერხულობაა პრეზიდენტის როლის შემოყვანა იმ სათათბირო ორგანოში, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, - ასე უპასუხა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ მისთვის დასმულ კითხვას იმის შესახებ, მიაწვდის თუ არა მთავრობა ინფორმაციას პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს და პრემიერს ურთიერთობა გაუფუჭდებათ.
„ბატონო გიგა, შეიძლება ჩემი პასუხი არ აღიქვით სწორად. მე არავითარ შემთხვევაში არ მიგულისხმია, რომ პრეზიდენტთან მხოლოდ კარგი ურთიერთობით შემოვიფარგლებოდით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონტექსტში, მე ვიგულისხმე, რომ კანონმდებლობით, პრეზიდენტს დღესაც აქვს უფლება ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს. ის უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერი ინფორმაციით, მათ შორის მთავრობის მხრიდან. კომისიის ფარგლებში ჩვენ მართლაც გვქონდა მსჯელობა პრეზიდენტის როლთან და პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით, რომ რამენაირი ფორმით ისინი საბჭოს მუშაობაში შემოსულიყვნენ. პრეზიდენტის შემთხვევაში ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო კონსტიტუცია, რომელიც დღეს მოქმედებს. არ გვინდოდა ისე გამოსულიყო, რომ კონსტიტუციიდან განსხვავებული უფლებამოსილებები დაგვეკისრებინა პრეზიდენტისთვის კანონით. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ერთგვარი უხერხულობა არის პრეზიდენტის როლის შემოყვანა იმ სათათბირო ორგანოში, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.