ვახტანგ ლაშქარაძე – წარდგენილი დეკლარაციების 90%-ზე მეტ შემთხვევაში, დღგ-ის ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდა

„წარდგენილი დეკლარაციების 90%-ზე მეტ შემთხვევაში, დღგ-ის ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდა“, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ლაშქარაძემ გადაცემაში საუბრისას განმარტა, რომ ყველა დეკლარაცია, რომელშიც გადამხდელს წარმოექმნება დღგ-ის ზედმეტობა, გადის ე.წ. რისკების მოდულს, რომელიც გარანტირებულად, ადამიანური რესურსის გამოყენების გარეშე, გამარტივებული სისტემით აბრუნებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილ ზედმეტობას.

„ეს არის მთლიანად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ აწყობილი კომპიუტერული სისტემა. ჩვენ პროცესს სექტემბრიდან ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ პროგრამა დეკლარაციების 90%-ზე მეტს, „უშვებს“ ე.წ. მწვანე დერეფანში, დაახლოებით, 8-10 პროცენტი, რისკების მოდულის მიერ გამოვლენილი მაღალი რისკის მქონე დეკლარაციებია, რომლის შესწავლა ხდება დამატებით“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „საქმიანი დილა“ სტუმრობისას.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც დეკლარაციებს აქვს გარკვეული ხარვეზები. სწორედ ასეთი ტიპის დეკლარაციები და არა კომპანიები ხვდება ე.წ. წითელ დერეფანში. „საუბარია, ისეთ შეცდომებზე, რომელიც შესაძლებელია გამოსწორდეს გადამხდელთან კომუნიკაციით, იშვიათ შემთხვევაში, აუდიტით,“ - დასძინა ვახტანგ ლაშქარაძემ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის განმარტებით, ე.წ. მწვანე დერეფანში დეკლარაციის გავლის შემდეგ, გადამხდელს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, საშუალება აქვს თავად ნახოს წარმოქმნილი დღგ-ის ზედმეტობა.

მისი თქმით, მოთხოვნილი თანხის დაბრუნება მოხდება მეწარმის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პორტალზე (გადამხდელის პირად გვერდზე) შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

„ამ ეტაპზე, გადავწყვიტეთ ნაწილობრივ მოთხოვნის სახე მივცეთ დღგ-ის ავტომატურ დაბრუნებას. ამის ორი მიზეზია - პირველი ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესახებ და მეორე - ბევრია იმ გადამხდელთა რაოდენობა, რომლებსაც დღგ-ის ზედმეტობა მუდმივად აქვთ სხვა საგადასახადო ვალდებულებების მომსახურების მიზნით. სწორედ ამიტომ, მოთხოვნილი თანხის დაბრუნება მოხდება მეწარმის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ამის შემდეგ, ავტომატურად ხდება საგადასახადო დავალების ფორმირება, რომელიც გადაიგზავნება ხაზინაში და შემდეგ თანხა გადაირიცხება გადამხდელის ანგარიშზე“, - განმარტა ვახტანგ ლაშქარაძემ.

მისი თქმით, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა გასული წლის განმავლობაში.

„ამაზე მეტყველებს თანხის ის დიდი მოცულობა, რომელიც შარშან დავაბრუნეთ (521 მლნ ლარი). ავტომატიზებული სისტემა არ გაეშვა, სანამ სრულყოფილად არ გაიტესტა პროგრამული მოდული. შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდეს, თუმცა, ვფიქრობთ, ეს არ იქნება მნიშნელოვანი პრობლემა, რომელსაც ვერ გამოვასწორებთ“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ.

მისი თქმით, პროცესი ეფუძნება მოწინავე საგადასახადო ორგანოთა თანამედროვე გამოცდილებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა