ფერმერთა ასოციაცია - გეოგაპი დაეხმარება ფერმერებს მიაღწიონ ხარისხის გაუმჯობესებას და მათი ევროპულ ნორმებთან დაახლოებას

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძესთან ერთან დაინტერესებულ მხარეთა ფართო აუდიენციას უმასპინძლა, რომელიც შეიკრიბა „საქართველოს კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის“ (გეოგაპი) სასერთიფიკაციო სისტემის ინსტიტუციონალური აღიარებისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, აღნიშული სისტემა წარმოდგენილია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდას ტექნიკური მხარდაჭერით.

მათივე ინფორმაციით, ამ დღეს აღინიშნება საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდას კიდევ ერთი ინიციატივის დასკვნითი ეტაპი, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში პირველადი მწარმოებლებისა და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა. 2016 წლიდან, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და USAID-ის პროექტი ზრდა ერთობლივად მუშაობდნენ რეგიონალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებისათვის.

„საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისაკენ სწრაფვასთან ერთად გაიზრდება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობებიც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მწარმოებლები შეძლებენ გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი ისეთი მკაცრი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) დადგენილი სტანდარტები. ამ სულისკვეთებით შეიქმნა „გეოგაპი“, რათა დაეხმაროს ფერმერებს მიაღწიონ ხარისხის გაუმჯობესებას და მათი ევროპულ ნორმებთან დაახლოებას და ამის პარალელურად იყოს უშუალო სიგნალი საქართველოს შიდა ბაზრისათვის და კერძო სექტორში არსებული შემსყიდველთათვის, განსაკუთრებით კი სასტუმრო სექტორისათვის, რათა მათ მიერ შეთავაზებული ნაწარმი აკმაყოფილებდეს სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მინიმალურ მოთხოვნებს. ამ მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი აღიარებს და მხარდაჭერას უცხადებს „გეოგაპის“ ახალი სასერთიფიკაციო სისტემის ინსტიტუციონალურ განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მე ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ GeoGAP-ის სტანდარტის ოფიციალურად დანერგვის ინიციატივის ნაწილი ვარ დღეს. ეს არის უდიდესი შანსი საქართველოსათვის, რათა გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის ხარისხი, ქვეყანამ დაუმტკიცოს როგორც ადგილობრივ ისე ევროპულ ბაზარს, რომ მის ფარგლებში წარმოებული პროდუქცია არის მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.

„მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი კეთილსინდისიერი ფერმერები და ჰქონდეთ ხარისხის ნიშანი. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სამინისტრო ცნობს გეოგაპის სტანდარტს და ამ სტანდარტის სქემით სერტიფიცირებულ ფერმერებს „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესის“ ფარგლებში მიანიჭებს ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლებას“, - აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ პროცესში სამინისტრო აქტიურად დაეხმარება ფერმერთა ასოციაციასა და ფერმერებს, რაც ხელს შეუწყობს ქართული ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეტი აქტიურობა და ჩართულობა სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში. ვფიქრობ, რომ პოპულარული გახდება ფერმერებში, რაც ხელს შეუწყობს ქართული ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას. ამ პროცესში სამინისტრო აქტიურად დაეხმარება ფერმერთა ასოციაციასა და ფერმერებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა