ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2019

"ბესელიას ჯგუფმა" შესაძლოა, კონსტიტუციიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ამოღება მოითხოვოს

მთავარია არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები - ხუხაშვილი "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების პარლამენტში მისვლაზე

***

"ბესელიას ჯგუფმა" შესაძლოა, კონსტიტუციიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ამოღება მოითხოვოს

“ბესელია და მისი თანამოაზრეები პარლამენტს უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეების შესახებ ახალ ინიციატივას წარუდგენენ. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატები "რეზონანსთან" აცხადებენ, ისინი გარკვეულ საკითხებზე უკვე შეთანხმებული არიან და რა სამართლებრივ პროცედურებზე შეიძლება იყოს საუბარი, ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებენ. ერთი ვერსიით, ეს ინიციატივა კონსტიტუციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ ჩანაწერის საერთოდ გაუქმებას გულისხმობს. თუ მმართველი გუნდი სამართლებრივ ფორმაზე შეთანხმდება, მაშინ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“, სტატიაში სათაურით, "ბესელიას ჯგუფმა" შესაძლოა, კონსტიტუციიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ამოღება მოითხოვოს

"ბესელია აცხადებს, რომ ინიციატივა რიგ რეგულაციებს ისახავს მიზნად, რომლისთვისაც კონსტიტუციური ცვლილებებია საჭირო. დეპუტატი დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის თანამოაზრეებთან კონსულტაციებს მართავს და ინიციატივის დეტალებს ამის შემდეგ გაასაჯაროებს. ვამზადებთ ახალ ინიციატივას, რომელზეც გვექნება კონსულტაციები და რამდენიმე დღეში გაგიზიარებთ გეგმას, რომელიც ეხება უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეების თემას, თუ რა სამართლებრივი რეგულაციები შეიძლება არსებობდეს. ამისთვის საჭიროა კონსტიტუციური ცვლილების გზა და ვნახავთ, თუ ვინ დაუჭერს ამ ინიციატივას მხარს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. მმართველი გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ისინი ამ კანონპროექტზე უკვე მუშაობენ და დეტალურად საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდიან. გოგიჩაიშვილი აცხადებას, რომ იურდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე გაჟღერდა, რომ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შესაძლოა, კონსტიტუციური ცვლილება შეეხოთ. თუმცა რა სახის ფორმულირება იქნება და მოხდება თუ არა კონსტიტუციაში საერთოდ ჩანაწერის გაუქმება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ, დეპუტატი ამბობს, რომ დეტალებზე თანხმდებიან და უახლოეს დღეებში ამ ინიციატივას გაახმოვანებენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"იდეის დონეზე მზად არის, თუმცა პროექტის სახედ საზოგადოებას ცოტა ხანში წარვუდგენთ. ზუსტად რთულია ჯერჯერობით თქმა, რა სახის ფორმულირება იქნება, თუმცა კონსტიტუციური ცვლილება რომ საჭირო იქნება, ეს ფაქტია. არც ის არის გამორიცხული, რომ საერთოდ კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაუქმება მოხდეს, მაგრამ ეს სხვა პროცედურებია. ვნახოთ, შევთანხმდებით ჩვენც და უფრო დეტალურად ცნობილი შემდეგ გახდება", - აცახდებს გოგიჩაიშვილი "რეზონანსთან". "ოცნების" წევრი ბექა ნაცვლიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მას ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა ის ელოდება, დეტალურად რა სამართლებრივ პროცედურებზე შეიძლება იყოს საუბარი. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აქ მთავარია, უვადოდ ვინ დაინიშნება. ნაცვლიშვილისთვის მნიშვნელოვანია, შერჩევის პროცედურა რამდენად გამჭვირვალედ მოხდება. დეპუტატი ამბობს, რომ უვადობის პრინციპი ყველა სხვა ქვეყანაშიც მიღებულია, მაგრამ იქაც მთავარი პროცედურებია. მისი აზრით, თუ მოხდება შეთანხმება სამართლებრივ პროცედურებზე, რომლებიც უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შეეხებათ, მაშინ ეს ყველაფერი პროფესიულ წრეებთან განხილვის შედეგად უნდა მოხდეს. ეს უნდა იყოს საყოველთაო განსჯის საკითხი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ამის შემდეგ უნდა მოხდეს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ვნახოთ, რა სახის ინიციატივა იქნება. მეც ველოდები და დეტალები ძალიან მაინტერესებს. როცა კონკრეტულად გავეცნობი, მერე გადავწყვეტ, მხარი დავუჭირო თუ არა. ზოგადად, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და ამ ინიციატივის შეჯერება პროფესიულ წრეებთან ერთად უნდა მოხდეს. ვკითხოთ იმ ხალხსაც, ვინც იკვლევენ ამ საკითხებს და ამის შემდეგ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. არ ვიცი, ვნახავ და მერე გადავწყვეტ, რა და როგორ გავაკეთოთ", - აცახდებს ნაცვლიშვილი "რეზონანსთან". იურისტი შალვა შავგულიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ უკვე უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს რომ გავუუქმოთ უვადობა, რთულად წარმოსადგენია და ეს სასამართლო სისტემაში უკურეაქციას გამოიწვევს. რაიმე კონსტიტუციური ცვლილების მიხედვით უვადოდ უკვე დანიშნული მოსამართლეები აღარ ჩაითვალონ უვადოდ დანიშნულებად - ეს ასე ადვილი საქმე არ არის. ისინი უკვე დანიშნული არიან და ასე ხელაღებით ამის გაუქმება ძალიან სერიოზული პრობლემაა. კანონს რეტროსპექტიული ძალა მიეცემა, რომელიც კონკრეტულ პირთა მდგომარეობას აუარესებს. შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ამ მოსამართლეებმა საკითხი ევროპული სასამართლოს წინაშე დააყენონ და ამას სერიოზული სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს. მე არ მგონია, ვინმემ საკითხი ასე დააყენოს. უბრალოდ უნდა ვნახოთ, რას გულისხმობენ. საერთოდ უვადოდ გამწესება ამართლებს თუ არა, ეს მსჯელობის საკითხი შეიძლება გახდეს, მაგრამ უკვე დანიშნულებთან დაკავშირებით რა ბერკეტები შეიძლება შემუშავდეს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია", - აცხადებს "რეზონანსთან" შავგულიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

მთავარია არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები - ხუხაშვილი "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების პარლამენტში მისვლაზე

"რეზონანსული თემაა, თანაც "თიბისი“ არ არის მეორე ხარისხოვანი ბანკი, ამიტომ გამჭვირვალობა და საჯაროობა საქმეს წაადგება“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებას, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტში გაიმართოს მსჯელობა ბანკის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მთავარია არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები - ხუხაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების პარლამენტში მისვლაზე

"ცნობისთვის, პარლამენტში მისვლისა და საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად მსჯელობის წინადადება "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა "ევროპული საქართველოდან“ მიიღეს.

"მესმის, რომ არსტანდარტული თემაა, რეზონანსული და ამიტომაც არის საზოგადოების თუ პოლიტიკური ჯგუფების ასეთი დაინტერესება. თანაც „თიბისი“ არ არის მეორეხარისხოვანი ბანკი და ეს არის საკითხი, რომელიც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"არის ბევრი კითხვები, ამიტომ ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა საქმეს წაადგება. შეიძლება ხელისუფლებამ ისაუბროს იმაზე, რომ გამოძიებას ხელი შეეშლება, მაგრამ ეს ჩემთვის გაუგებარია. მთავარია მსჯელობა გაიმართოს კონკრეტულ საკითხებზე, თემის ირგვლივ და არ გადავიდეს პოლიტიკაში, ანუ არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა