ხათუნა გოგორიშვილი - კარგია, რომ მინისტრი ჩადის სოფელში, მაგრამ ცუდია, როცა მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პრობლემა წყალმომარაგებაა, ხოლო მინისტრი არწმუნებს, რომ სტადიონი ურჩევნიათ

ძალიან კარგია, რომ მინისტრი ჩადის სოფელში, მაგრამ ცუდია, როცა მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პრობლემა წყალმომარაგებაა, ხოლო მინისტრი არწმუნებს, რომ სტადიონი ურჩევნიათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.

გოგორიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მაგალითად თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ლამისყანაში ჩასვლა დაუსახელა.

„ჩემი შეკითხვები ძირითადად ეხება რეგიონული განვითარების ფონდს. ეს არის ერთადერთი ფონდი, რომლიდანაც შეიძლება რეგიონებმა განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები და ამ ფონდიდან მიმართული თანხების გარეშე ვერაფერს, ვერანაირ მცირე პროექტს ვერ განახორციელებენ. თქვენი წინამორბედები ამ ფონდიდან 90%-ზე ნაკლებს წლის განმავლობაში არ ითვისებდნენ და თქვენ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, რაც მინისტრი ხართ, 60% აითვისეთ, მაინტერესებს ეს ტენდენცია რატომ შეიცვალა?! ფაქტია, რომ ეს უკავშირდება ტენდერებს, რატომ იშლება და ვერ ტარდება ტენდერები?! ტენდერების სტატისტიკას არ ჩამოგითვლით, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდერების სტატისტიკა წლის დასაწყისში ბევრი უნდა იყოს, რომ წლის ბოლომდე პროექტების დასრულება მოესწროს. იმაზე კი არ ვსაუბრობთ მინისტრი რატომ ჩადის სოფელში, ეს ძალიან კარგია, პრობლემა ის არის, რომ როცა მოსახლეობა ამბობს ჩვენი პრობლემა წყალმომარაგებააო, მინისტრი მათ არწმუნებს სტადიონის აშენება გირჩევნიათო. ეს არის პრობლემა, როგორც იყო ლამისყანაში და რაც გააკეთა ლევან იზორიამ“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 თებერვალს, მინისტრი ლევან იზორია სოფელ ლამისყანაში, ორბელიანების სასახლეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებას დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ლამისყანაში ამ ეტაპზე სამი პროექტი დაფინანსდება: მოსახლეობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამიდან შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ლევან იზორიას ინიციატივით, მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით თავდაცვის სამინისტრო კეთილ ნებას გამოიჩენს და სოფლის სტადიონის კეთილმოწყობის სამუშაოებს ჩაატარებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო