2019 წელს წყალმომარაგების და წყალარინების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება

2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და მთელი ქვეყნის მასშტაბით შესწავლა, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით. პროცესი 2019 წელს დასრულდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს წყალმომარაგების პოლიტიკის, მათ შორის, სატარიფო პოლიტიკის დაგეგმარებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესს.

2019 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშაოებზე გამოყოფილი 282 მილიონი ლარით 85 პროექტი განხორციელდება და მათი დასრულების შემდეგ, დამატებით 430 000 ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე, გამართული კანალიზაციის სისტემით.

,,ძალიან ბევრ ადგილას მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა ხარისხიან სასმელ წყალზე, ან არ აქვს უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგება. ამიტომ, ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტი 2019 წელს საქართველოს რეგიონებში სწორედ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგებაა. ამ მიმართულებით წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი 30 პროცენტითაა გაზრდილი”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა დაასახელა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დასრულებაც 2019 წელს იგეგმება, მათ შორისაა: ანაკლიაში, მესტიაში, წყალტუბოსა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები. ასევე ქუთაისის, ჯვრის, ჭიათურის, ურეკისა და გარდაბნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

,,აღსანიშნავია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს ათეულობით წლის განმავლობაში წყალი 4 დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებოდა. პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდგომ კი, ისინი 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, 2019 წელი დატვირთული იქნება პროექტებით.

„იწყება მარნეულის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 20 000-ზე მეტ ადამიანს პირველად მოემსახურება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. გუდაურში იწყება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. კანალიზაციის ქსელის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები იწყება ქუთაისში, ჭიათურასა და ვალეში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა გურიისა და თელავის წყალმომარაგების პროექტები.

წელს იწყება გურიის სოფლების, ბახვი-ვაკიჯვრის და ცხემლისხიდის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის სამუშაოები. პროექტს 9 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და 3 000-ზე მეტ ადამიანს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. ისინი სტაბილური სასმელი წყლის მიწოდებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა პრობლემების შესახებ. კერძოდ, გამოყო თელავის მოსახლეობის პრობლემა, რომელთაც რამდენიმე წელია, სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც. ამ პრობლემის მოსაგვარებლად წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც. შედეგად, ადგილობრივები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს