ანრი ოხანაშვილმა „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელთან მოსამართლეების საკითხზე ისაუბრა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს რენატე ვინტერს და პროექტის ექსპერტს, ალეშ ზალარს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა მართლმსაჯულების სფეროს რეფორმის საკითხებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა რენატე ვინტერთან, რომელიც დიდი ხანია ჩართულია მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებაში. იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა მართლმსაჯულების სფეროში შემდგომი რეფორმების გატარების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. მათ გამოთქვეს მზაობა, რომ დაგვეხმარებიან როგორც საექსპერტო კუთხით, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით.

საუბარი, ასევე შეეხო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს. პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე ჰქონდა შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, როდესაც ირაკლი კობახიძემ მათ გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცედურა. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს უნდა იყოს ღია და უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი. ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა ამ პროცესისადმი. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესის შესაბამისად და შევარჩევთ მაღალკვალიფიციურ, სანდო, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ მოსამართლეებს. ეს არის ჩვენი მიდგომა“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა.