2019 წელს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 160 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხი წელს გადმოეცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ვიხელმძღვანელეთ იმ განაწილებითა და პრიორიტეტებით, რომელიც არჩეული ჰქონდა განათლების სამინისტროს. არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, 29 ახალი სკოლა არის ჯერ სიაში, აქედან რამდენიმეზე გამოცხდდა უკვე ტენდერი, თუმცა განათლების სამინისტროსთან ვმუშაობთ, რომ კიდევ, დამატებით, ასაშენებელი სკოლების სიაც მივიღოთ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მომავალში, ამ მიმართულებით, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, აქტიური კომუნიკაცია იგეგმება მუნიციპალიტეტებთან. „როდესაც სკოლების კაპიტალურ რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, რაც ლამის ახალი სკოლის მშენებლობის ტოლფასია, დღის წესრიგში დგება ბავშვების გადაყვანის საკითხი და ეს კიდევ უფრო აქტიურად იჩენს თავს თბილისში, სადაც ბევრი ალტერნატივა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ამიტომ, განათლების სამინისტროსთან, დონორებთან, ყველა მხარესთან ერთად ვმუშაობთ ინტენსიურად, რათა ეს პროცესი ისე წარმიმართოს, რომ არავინ და არაფერი დაზარალდეს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, სკოლები ყველა რეგიონში აშენდება და საჭიროებიდან გამომდინარე იქნება როგორც მცირე, ისე დიდკონტინგენტიანი. 2020 წლისთვის, ჯამურად, 3000-მდე მოსწავლე შეძლებს ახალ სკოლებში გააგრძელოს სწავლა.

წელს სკოლების რეაბილიტაციისთვის 100 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო მშენებლობისთვის 60 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ასევე, დაწყებულია კასპის ტექნოპარკის მშენებლობა, მარტში კი დაიწყება გურჯაანის ტექნოპარკის სამშენებლო სამუშაოები.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.