დავით ასათიანსა და შალვა თადუმაძეს შორის შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანსა და საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან“ აცნობეს.

შეხვედრაზე ადვოკატურასა და პროკურატურას შორის თანამშრომლობის ის მიმართულებები განიხილეს, რომელიც მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით არის გათვალისწინებული.

„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა 2005-2012 წლებში რეპრესირებულ ადვოკატებთან მიმართებით „რეაბილიტაციის კომისიის“ დასკვნებთან დაკავშირებით პროკურატურის რეაგირება და შემდგომი ნაბიჯები; იმგვარი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატებსა და პროკურორებს შორის სათანადო კომუნიკაციას სამართალწარმოების პროცესში და ასევე, თანასწორ მიდგომას ყველა ადვოკატის მიმართ ბრალდებულთა განრიდების თუ საპროცესო შეთანხმების საკითხის გადაწყვეტისას, მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად; სასამართლო დარბაზში საერთო იურიდიული ეთიკის სტანდარტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით საერთო საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და სხვა“, - ნათქვამია „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის მზადყოფნა ისეთ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას და ჩვენს ქვეყანაში ხარისხიანი, ეფექტიანი და სანდო მართლმსაჯულების განხორციელებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა