აკაკი ცომაია - შესაძლოა, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება

დასანანია, რომ მამუკა ხაზარაძე რაღაც გარემოებების გამო იძულებულია, წავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, რადგან, ფაქტია, რომ ეს მისი ნება-სურვილით არ არის განპირობებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა.

როგორც აკაკი ცომაია აცხადებს, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მსგავსი კამპანია რომ არ წამოწყებულიყო, ის წასვლას არ აპირებდა.

„როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძე ბუნებით მებრძოლი ადამიანი არ არის და არ ირჩევს იმ გზას, რომ ბოლომდე იბრძოლოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, რასაც არაფორმალური მმართველი კულუარებში, ალბათ მას სთხოვდა, ამ მიმართულებით შეთანხმება მოხდა. ეს არ არის კარგი ფაქტი. შესაძლოა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, „თიბისი ბანკში“ მენეჯმენტიც შეიცვლება, იმიტომ რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეცვლა ხშირად მენეჯმენტის შეცვლასაც ნიშნავს. რა მიმართულებით წაიყვანს მერე ის მენეჯმენტი ბანკს და როგორი იქნება მისი საქმიანობა, ეს არავინ იცის. შესაძლებელია, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის და ბანკის საქმიანობა, რომლის მიღწევებითაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანა ამაყობს, სულ სხვა მიმართულებით წავიდეს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი სცენარია. მაგრამ დასანანია ის ფაქტი, რომ ხაზარაძე რაღაც გარემოებების გამო იძულებულია, წავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, რადგან, ფაქტია, რომ ეს არ არის განპირობებული მისი ნება-სურვილით. ეს მისი არჩევანი არ იყო. მსგავსი კამპანია რომ არ წამოწყებულიყო მის წინააღმდეგ, ის არ აპირებდა წასვლას. ეს იძულებითი ნაბიჯია“, - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მისი განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს ბანკის უცხოელ აქციონერებთან კონსულტაციის შედეგად მიეღო.

„ბოლომდე გაუგებარია ანაკლიის პორტის ბედიც. შეიძლება აქციონერებთანაც მომხდარიყო შეთანხმება. „თიბისი“ ბანკის აქციონერები - J.P. Morgan და სხვა საკმაოდ სერიოზული კომპანიები, ასევე ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორებიც არიან. შესაძლებელია, რომ მათთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო ხაზარაძემ ასეთი გადაწყვეტილება“, - აღნიშნავს ცომაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა