თემქაზე მოკლული გოგონას მამა - ერთი წელი ხდება ჩემი შვილის მკვლელობიდან, ლადო გრიგალაშვილს სინანულის გრძნობა არ გააჩნია და იმედოვნებს, რომ ციხიდან გამოვა

ხვალ ერთი წელი ხდება ჩემი შვილის სასტიკი მკვლელობიდან, ლადო გრიგალაშვილს კი, სინანულის გრძნობა არ გააჩნია და იმედი აქვს, რომ ციხიდან გარეთ გამოვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ მამუკა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილი შეყვარებულმა ლადო გრიგალაშვილმა მოკლა, რადგან მამუკა ნაცვლიშვილის განმარტებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია.

„ციხიდან გამოსვლას ნამდვილად ვერ შეძლებს, რამდენიც უნდა ასაჩივროს, სტრასბურგამდეც რომ ჩავიდეს, არაფერი ეშველება. მკვლელად მის ჩამოყალიბებაში მშობლებს მიუძღვის წვლილი. დედა, რომელიც სასამართლოში ბრალდებულის სკამზე მჯდომ შვილზე იტვის, „დასტოინი“ შვილი მყავსო, ეს ყველაფერზე მეტყველებს“, - აცხადებს მამუკა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გრიგალაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

პროცესი სააპელაციო სასამართლოში 14 მარტს, 16:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება, 2018 წლის 22 თებერვალს, განსაკუთრებული სისასტიკით ანა ნაცვლიშვილის მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა გამთენიისას ანა ნაცვლიშვილი სახლიდან გაიხმო და დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, მას 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს