ლევან კობერიძე მოსამართლეების შესახებ ინიციატივაზე - კანონპროექტი კონსტიტუციას შეესაბამება და ის აუცილებლად უნდა მივიღოთ!

დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტური უნდა იყოს, რომ პარლამენტის საშვი, რომელიც ყოველ ჩვენგანს გვიდევს უბეში, არ არის მხოლოდ პარლამენტში შემოსასვლელი საშვი და ეს არის ის მანდატი, რომელიც მოსახლეობისგან გვაქვს მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ეკა ბესელიას და კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა უნდა მიიღოს, რადგან ეს იქნება დასტური იმ პასუხისმგებლობის, რომელიც პარლამენტს საკუთარი ამომრჩევლისგან აქვს მიღებული.

„შეიძლება პიროვნულად ვიღაცას არ მოსწონდეს ლევან კობერიძე, გოგიჩაიშვილი, ბესელია, ფოფხაძე და ა.შ, მაგრამ გთხოვდით, რომ ეს სუბიექტური მიდგომა გვერდზე გადავდოთ, რადგან დღეს ჩვენ რა კანონზეც ვსაუბრობთ, მგონია, რომ არის გარკვეული ნიშანსვეტი, ეს არის გარკვეული ნიშანი, საქართველოს პარლამენტს შეუძლია თუ არა ადეკვატური რეაგირება მოახდინოს იმ შექმნილ სიტუაციაზე , რომელიც დღეს არის სასამართლოს გარშემო. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ იუსტიციის საბჭო მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გააკეთებდა განცხადებას, რომ ის თვითონ აჩერებს დროებით რაიმე ნორმატიული აქტით უვადოდ დანიშვნებს, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მას ეს პასუხისმგებლობა რეალურად არ გააჩნია, არ სურს, რომ გააჩნდეს და ალბათ, აქვს, რაღაც ერთი კონკრეტული მიზანი დასახული“,- განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, დღეს ამ კანონპროექტის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ჭიდილი, რომ ვიღაცას უნდა სასამართლო უფრო კარგად იყოს ან უფრო ცუდად.

„ეს კანონპროექტი უნდა მივიღოთ იმისთვის, როგორც დროებითი ნორმა, როგორც ჟანგბადი, ამოსუნთქვა. ამ სიტუაციას ახლა სჭირდება პაუზა. ეს პაუზა დღეს საქართველოს პარლამენტმა უნდა გააკეთოს. ვთვლი, რომ ეს კანონპროექტი შეესაბამება კონსტიტუციას და ის აუცილებლად უნდა მივიღოთ. პარლამენტს იუსტიციის საბჭოსგან განსხვავებით აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციაც, პასუხისმგებლობაც და დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტური უნდა იყოს, რომ პარლამენტის საშვი, რომელიც ყოველ ჩვენგანს გვიდევს უბეში, არ არის უბრალოდ მხოლოდ პარლამენტში შემოსასვლელი საშვი და ეს არის ის მანდატი, რომელიც ჩვენ გვაქვს მოსახლეობისგან მიღებული, მაგრამ ეს ნდობა ჩვენ მას უნდა დავუბრუნოთ“,- განაცხადა კობერიძემ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა