აკაკი ბობოხიძე - მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ე.წ. აღშფოთებულ ნაწილს, რატომ გეგონათ, რომ ივანიშვილი რამეს შეცვლიდა სასამართლო სისტემაში?

ბიძინა ივანიშვილს სისტემის შეცვლა კი არ უნდოდა, მას უნდოდა, რომ სისტემა ემორჩილებოდეს მას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

აკაკი ბობოხიძემ სიტყვით გამოსვლისას კანონპროექტის ავტორებს მიმართა, თუ რატომ ჰქონდათ ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი „რაიმეს შეცვლიდა“ ქვეყანაში. სადაც უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობა.

„პირველ რიგში მინდა მივმართო ქართული ოცნების ე.წ. აღშფოთებულ ნაწილს, რატომ გეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რამეს შეცვლიდა და თუ სისტემაში ხარვეზი იყო, მის გამოსწორებას ეცდებოდა? თქვენს პოლიტიკურ საბჭოში მხოლოდ ორი პოლიტიკური ფიგურა შემორჩა - ერთი ბიძინა ივანიშვილი და მეორე კახა კალაძე.

2007 წლამდე, როდესაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, ყველა გახმაურებული საქმე უკვე მომხდარი იყო, რაზეც თქვენ სპეკულირებდით. გაგახსენებთ, რომ კახა კალაძე იყო ერთ-ერთი მთავარი სახე მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 5-ნომრიანი სტიკერით მოვიდა უბანთან და ამით თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა. ეს იყო ჩემი აზრით ძალიან კარგი იმ დროს. ამ კაცისგან მართლა ელოდებოდით, რომ რამეს შეცვლიდა? ამ კაცს სისტემის შეცვლა კი არ უნდოდა, ამას უნდოდა, რომ სისტემა ემორჩილებოდეს მას.

მეორე შეცდომა, რასაც თქვენ უშვებთ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად არის შემდეგი: მოსამართლეებს დანიშვნა მხოლოდ იმიტომ უნდა აეკრძალოთ, რომ 9 წელიწადი მუშაობდნენ? თუ მოსამართლე ახლა დაინიშნება და ისეთივე მსახური გახდება, სისტემის ეს პრობლემა არ იქნება?

ჩვენ სისტემის შეცვლაზე უნდა დავიწყოთ საუბარი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობა და 9 წელი და 7 წელი საერთოდ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის თქმით, მოქმედი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მათ ჰყავდეთ მორჩილი პროკურორები და მოსამართლეები და ტყუილად იმიზეზებენ კონსტიტუციასთან შეუსაბამობას მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის.

„რაც შეეხება დანარჩენებს, ბატონებო, მე არ ვიცი მოსამართლე მურუსიძე როგორც იურისტი სწორად იქცეოდა თუ არა. თქვენ ამბობდით, რომ ცუდად იქცეოდა. მე არ გავურბივარ მოსამართლე მურუსიძესთან ერთად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გაქცევა რომც მინდოდეს, ვერ გავიქცევი, იმიტომ, რომ ამომრჩეველი მუდმივად გაიხსენებს.

როდესაც თქვენ მოხვედით, ჩვენ პოლიტიკურად პასუხი ვაგეთ, თქვენ კი მოხვედით და დატოვეთ იმ საქმის ყველა მონაწილე პროკურორიც და მოსამართლეც და მათ მხარს უჭერთ.

ორი ვარიანტია: ან თქვენ აღმოაჩინეთ, რომ სინამდვილეში მათ იურიდიულად შეცდომა არაფერი არ ჰქონდათ, ან თქვენ გჭირდებათ არა დანაშაულის არ ჩამდენი მოსამართლეები და პროკურორები, არამედ მორჩილი პროკურორები“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს