ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს.

აღნიშნული მიმართვით ყოლბაია ტრაგიკულ მოვლენას, სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესიის გამართვის ფაქტს ეხმიანება.

„გუშინ ძალიან მტკივნეული, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული მოვლენის მოწმე გავხდით. სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესია გაიმართა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ელოდება ზუგდიდის მხრიდან ათობით ადამიანი გალში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურიას მისვენებას ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ნათესავებმა მისი დატირება შორიდან მაინც შეძლონ. ვინ არ იცის როგორ პატივს სცემენ საქართველოში გარდაცვლილი ადამიანისთვის წესის აგებას, უახლოესი ადამიანების, ახლობლების მიცვალებულთან გამოთხოვების წმიდათა წმინდა მოვალეობას და ტრადიციას. განა აფხაზებისთვის გარდაცვლილი ადამიანის დატირება, მისი სულის წინაშე მოწიწება უცხო იყო ოდესმე ან დღეს სხვაგვარად ხდება? ქართველი კაცი, ისევე როგორც აფხაზი, ხომ ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, როგორც თვით გარდაცვლილის ხსოვნის, ისე, საზოგადოების წინაშე. მაშ რა მოხდა? როგორ უნდა ავხსნათ მსგავსი მოქმედება? მსოფლიო უნდა გავაკვირვოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ ველური დამოკიდებულებით? ადამიანი მოკვდავია. სამწუხაროდ, ეს აქლემი ადრე თუ გვიან ყველას კართან დაიჩოქებს. არავინ იცის, ხვალ ვის რა ელის. უფიქრია ვინმეს როგორ განიცდის ამას საკუთარი სახლიდან გამოძევებული დევნილი საზოგადოება? მიუხედავად კონფლიქტისა, აფხაზებთან შეთანხმებით, წლების მანძილზე ვახერხებდით, რომ ჩვენი მიცვალებულები აფხაზეთში გადაგვესვენებინა და საგვარეულო სასაფალოებსა და საძვალეებში დაგვეკრძალა. ეს არის ზნეობრივი კოდექსი, რომელსაც ორივე მხარე ვიცავდით. ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, გაუგონარი ამბავია და არც პირველი შემთხვევაა.

ნუ ავყვებით რუსულ გამოწვევას, რადგან მათ სურთ სამუდამოდ დატოვონ ჩვენ შორის ისეთი კვალი, რომლის გადალახვაც გაგვიჭირდება. ასეთ სათუთ საკითხებს აფხაზური საზოგადოება დამოუკიდებლად უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენ საერთო წარსული გვაქვს და საკუთარი ადათ-წესებისადმი, პატივისცემა და მოწიწება გვახასიათებს. მით უმეტეს, როცა ეს გარდაცვლილ ადამიანს ეხება.

მოგიწოდებთ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზ დედებსა და მამებს, მათ, ვინც ომში შვილები და ახლობლები დაკარგა, მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ადამიანურ, მორალურ კოდექსს, არც ერთ უმძიმეს ვითარებაშიც კი, არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა გამოთხოვება მიცვალებულთან“, – ნათქვამია მიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო