ქეთევან ციხელაშვილი - კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ნებისმიერ წარმატებას მთლიანად რეგიონისათვის აქვს მნიშვნელობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე - „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების როლი“ მოხსენებით წარსდგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, საკუთარ გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება წლიდან წლამდე გაზრდილ გამოწვევებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მოსახლეობისათვის ადგილზე ვითარება რთულდება. თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, გამყოფი ხაზების აქეთ და იქით მხარეს ხალხს შორის კონტაქტი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც რუსულ რეაქციას იწვევს, კიდევ უფრო მეტი დაბრკოლების შექმნის სახით.

„ჩვენი პოზიცია ისაა, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ვცადოთ ამ დაბრკოლებების გადალახვა. ამას ემსახურება მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელზეც დღეს მქონდა საუბარი. ჩვენ შარშანაც განვიხილავდით იგივე თემას - უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებს და აქ გამოკვეთილ პარალელებს. ცხადია, რომ საერთო გახლავთ რუსეთი, სცენარი. მართალია კონფლიქტი მასშტაბითა და ხასიათით განსხვავდება, მაგრამ რუსეთი სამეზობლოში ფაქტობრივად ერთი სცენარით მოქმედებს.

წინა წლის ბოლოს უკრაინისა და მოლდოვის მინისტრებთან ერთად გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავთ ჩვენი თანამშრომლობა და სამშვიდობო პოლიტიკის კოორდინაცია კიდევ უფრო ახალ დონეზე ავიყვანოთ. ვფიქრობ, ერთმანეთს ნამდვილად გავაძლიერებთ, რადგან იმას, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა მნიშვნელობა ჰქონდა შემდგომ იმისათვის, თუ რა მოხდა უკრაინაში და რა ხდება ახლო აღმოსავლეთისა თუ ევროპისაკენ, სადაც გაიზარდა არა მარტო ჰიბრიდული საფრთხეები, არამედ რუსეთის პირდაპირი ჩარევა. ზუსტად ასეთივე მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ნებისმიერ წარმატებას მთლიანად რეგიონისათვის. ჩვენ ამისათვის ძალიან კონკრეტული ჩარჩო გვაქვს, სადაც სამშვიდობო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიების მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ დისკუსიის წარმართვა საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის.

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი და საქართველოში უკრაინის საელჩო იყვნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა