ქეთევან ციხელაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დაისაჯონ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეები და მოვახდინოთ პრევენცია, რათა გმირები აღარ დავკარგოთ

ეს ტკივილი გვასწავლის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დაისაჯონ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავეები და მოვახდინოთ პრევენცია, რათა გმირები აღარ დავკარგოთ, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წლის თავზე, მისი საფლავი პრემიერ-მინისტრთან ერთად ყვავილებით შეამკო.

„ძალიან მძიმე თარიღია, დღეს ერთი წელი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. არჩილი არის მსხვერპლიც და გმირიც. ის მსხვერპლი არის იმ საოკუპაციო რეჟიმის, რომელიც ასე ღიად, 10 წელია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტზე დაუდევრად არღვევს ადამიანის უფლებებს, სიცოცხლის უფლების ჩათვლით, საუბედუროდ, ხოლო დამნაშავეები ჯერჯერობით კვლავ დაუსჯელად დადიან. მან აჩვენა გმირობის მაგალითი და საკუთარ სამშობლოს შესწირა თავი გაუტეხლად.

ჩვენ ყველას გვახსოვს ეს უმძიმესი ტრაგედია და უმძიმესი 26 დღე, როდესაც მთელი საზოგადოება ელოდა მისი ცხედრის გადმოცემას. ეს ტკივილი არსად წასულა, მაგრამ ეს ტკივილი გვასწავლის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დაისაჯონ დამნაშავეები. ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოხდეს პრევენცია და ასეთი გმირები აღარ დავკარგოთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე - დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს