თბილისის მერიამ გარე რეკლამის კომპანია „ალმასთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას შესაძლოა, გადახედოს

დედაქალაქის მთავრობა გარე რეკლამის რეგულირების საკითხზე აქტიურად მუშაობს, - ამის შესახებ bpn.ge წერს.

როგორც bpn.ge-ს თბილისის საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა განუცხადა, მუნიციპალიტეტმა შესაძლოა, კომპანია „ალმასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასაც გადახედოს. ამ ეტაპზე კი დოკუმენტის სამართლებრივი შესწავლა მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, დღეისათვის გარე რეკლამების ბიზნესში მონოპოლიური მდგომარეობის ჩამოყალიბების სერიოზული საფრთხე არსებობს.

„მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონის შემდეგ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლება კერძო კომპანიის ხელში 2009 წლიდან გადავიდა. აღნიშნული ხელშეკრულება 2021 წლამდეა გაფორმებული. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ეს ნებართვა ერთი კომპანიის, ერთი კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის ხელში აღმოჩნდა, რაც მრავალი მიმართულებით ქმნის პრობლემას.

ამასთან, მინიმუმამდეა დაყვანილი მუნიციპალიტეტის მონაწილეობა გარე რეკლამის სანებართვო პროცედურებში. ამ ნებართვის კერძო კომპანიის ხელში აღმოჩენით საკმაოდ ბევრი პრობლემა შეიქმნა, რაც დაკავშირებულია ქალაქის იერსახესთან, უსაფრთხოებასთან და საბიუჯეტო შემოსავლებთან. შეიძლება ითქვას, რომ სამივე პუნქტი უხეშადაა დარღვეული. ამჟამად მიმდინარეობს გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი შესწავლა“,- განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ქარის ან სხვა სტიქიის დროს ხდება გარე რეკლამების დაზიანება. მიზეზი კი არის ის, რომ გარე რეკლამები ხშირ შემთხვევაში, არასწორად და უსაფრთხოების ნორმების დარღვევითაა განთავსებული. სწორედ ამიტომ, მერია ამ საკითხის რეგულირების საკითხზე მუშაობას ააქტიურებს.

„უნდა მოხდეს გარე რეკლამების აღწერა-ინვენტარიზაცია და ექსპერტული შეფასება, რათა დადგინდეს, რამდენად კონსტრუქციულად მდგრადია გარე რეკლამა და შეესაბამება თუ არა ქალაქგეგმარებით პრინციპებს. ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევები, როცა გარე რეკლამა ფარავს საგზაო ნიშნებს, არაერთ შემთხვევაში კონსტრუქციის მდგრადობა დარღვეულია. უნდა გადაიხედოს ის ხელშეკრულება, რომელიც მუნიციპალიტეტმა მაშინ ორ კომპანიასთან, „ალმასა“ და Outdoor.ge-სთან დადო“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ვატო შაქარიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის როლი გარე რეკლამების რეგულირების საკითხში ცალსახად გასაზრდელია.

„მიმდინარეობს ანალიზი, თუ რამდენად ადეკვატურია გადასახადი, რასაც კომპანია „ალმა“ იხდის დედაქალაქის ბიუჯეტში. ეს ფასი 2009 წლის მონაცემებით არის დადგენილი. მოგეხსენებათ, დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპანიების მიერ გადახდილი მოსაკრებელი ბაზარზე არსებული რეალური გადასახადისგან მნიშვნელოვნადაა აცდენილი“, -აცხადებს საკრებულოს წევრი შაქარიშვილი.

ცნობისთვის, გარე რეკლამის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „აუთდორჯი“ Wissol Group-ის შემადგენლობაში მყოფმა სარეკლამო კომპანია „ალმამ“ ცოტა ხნის წინ შეიძინა. ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, გარე რეკლამის სარეკლამო ბაზარი 2017 წელსაც მთელი სარეკლამო ბაზრის 10%-ს იკავებს და 4.7 მლნ დოლარს შეადგენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს