ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალს დღეს გააცნობენ

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ 5 პირს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალს გააცნობენ.როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალის წარდგენამდე ბესიკ ბიძინაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლაშა სუხარულიძის ადვოკატმა, გიორგი ანთიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში მტკიცებულებები, მათ შორის, იარაღი არ აქვთ.

"ოფიციალურად ბრალი წაყენებული არ აქვს. თუმცა, როგორც გამომძიებელს ვესაუბრე, მას მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ჩემს მიერ საქმის მასალების გარკვეული წილი მოპოვებულია, საიდანაც ჩანს, რომ სრული აბსურდია ეს ბრალი, არც ერთი მტკიცებულება არ აქვთ იმის თაობაზე, რომ ლაშა სიხარულიძემ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა. შესაბამისად, არც დანაშაულის იარაღია ამოღებული და არც მისი პირადი ჩხრეკის დროს ყოფილა იარაღი ამოღებული. ბრალს თუ მკვლელობის მცდელობით წაუყენებენ, სრული აბსურდია. მას ბესო ბიძინაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან", - აცხადებს ანთიძე.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საქმეში მონაწილე პირები ერთმანეთს იცნობდნენ. მათ შორის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოკლულ ჯაფარიძესაც იცნობდა.

"როგორც ვიცი, ვინც ამ საქმეში ფიგირირებენ, ერთმანეთს იცნობდნენ. მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ თუ არა, ამ ეტაპისთვის არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. სანამ ოფიციალურად საქმის მასალები სრულად არ გვექნება გადმოცემული, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, კომენტარი გავაკეთო.

როგორც ვიცი, ჯაფარიძესაც იცნობდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ თუ არა, არ ვიცი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონფლიქტზე არ საუბრობს, ეს აბსურდია. ის უკანონოდ არის დაკავებული, არ უნდა იყოს დაკავებული და აუცილებლად გათავისუფლდება დღეს თუ არა, საქმის დასრულების შემდეგ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კონფლიქტის დროს შესაძლებელია იქ ყოფილიყო, კატეგორიულად არ ვამბობ, რომ იქ არ ყოფილა", - დასძენს ადვოკატი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.