დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილებისთვის სახლების მშენებლობა, რომლებზეც სამუშაოები გერმანიის დაფინანსებით დაიწყება, ორ წლამდე ვადაში დასრულდება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იმ სახლების მშენებლობა, რომლებზეც სამუშაოები გერმანიის ფედერაციის მთავრობის დაფინანსებით დაიწყება, წელიწადნახევრიდან მაქსიმუმ, ორ წლამდე ვადაში დასრულდება. ამის შესახებ დავით სერგეენკომ დაფინანსების სამმხრივ ხელშეკრულებაზე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორ კლაუს ფაიგელთან და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორ ვინსენტ დონტოტთან ერთად ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული სახლები ძირითადად, სოფლებში აშენდება და იქ მცხოვრებლებს მეურნეობის გამართვის საშუალებაც ექნებათ.

„ეს ხელშეკრულება, რასაც დღეს მოეწერა ხელი, რამდენიმე მომენტით არის გამორჩეული. პირველი - საკუთრივ თანხა, რომელსაც გერმანიის მთავრობა დევნილებისთვის გამოყოფს და მეორე არის ექსპერტიზა, რომელიც დანიის დევნილთა საბჭოს აქვს იმისათვის, რომ ეს თანხა მაქსიმალურად შედეგიანად იქნას გამოყენებული. ამ შემთხვევაში, ეს მოიაზრებს იმას, რომ გარდა იმისა, რომ 240-მდე სახლი აშენდება და ეს იქნება ძირითადად, სოფლის არეებში, იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომ ამ სახლში მცხოვრებლებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მეურნეობა გამართონ და იმისი რესურსი, რომ ამ მეურნეობით მოწეული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ. ერთგვარი კომპლექსური მიდგომაა, რაც ძალიან კარგია და წარმატების ნამდვილად მჯერა, იმიტომ რომ პარტნიორებს, რომლებიც ამაში გვეხმარებიან, ასეთი პროექტების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით 10 მილიონ ევროს გადმოსცემს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხის მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდება 236 კერძო სახლი. მათ შორის მარნეულში, აშენდება სოფლის ტიპის დასახლება, დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. მათ შორის, განხორციელდება 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი - დევნილთა დასახლებებში ან მის სიახლოვეს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას; ამასთან, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა 236 გრანტი, ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასული დევნილებისთვის; ასევე, დაფინანსების ფარგლებში 130 ბიზნეს გრანტი გაიცემა მცირე და საშუალო საწარმოებზე, დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; ამასთან, 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა