ქართულმა დელეგაციამ ნორვეგიის სამეფოში შეხვედრები გამართა

ქართულმა დელეგაციამ ნორვეგიის სამეფოში ვიზიტი დაასრულა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ და მისმა მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა, გურიის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს პარლამენტისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ოსლოში გამართეს შეხვედრები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციიდან აცნობეს, დელეგაციის წევრები ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის საერთაშორისო პროექტების მრჩეველს - ბიორნ რანგევაერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნორვეგიაში - მაია ყიფშიძეს, ასევე ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის და მოდერნიზაციის სამინისტროს, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტისა და ნორვეგიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სხვადასხვა სფეროებში საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

ნორვეგიის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ქვეყანაში გატარებული რეფორმების გამოცდილება გაუზიარეს და თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების, მათ შორის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრებზე რეგიონული პოლიტიკის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლზეც ისაუბრეს და მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა განიხილეს.

დელეგაციის წევრებმა თავის მხრივ საქართველოში გატარებულ რეფორმებს გაუსვეს ხაზი და ნორვეგიელ კოლეგებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველადი პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ქართული დელეგაციის წევრებს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ფარგლებში დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც უმასპინძლეს, სტუმრებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი საწარმოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მუნიციპალიტეტების ელექტრონული და ციფრული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის, ასევე ნარჩენების გადამამუშავებელი მუნიციპალური საწარმოების მუშაობა ადგილზე გააცნეს.

დელეგაცია ნორვეგიის სამეფოში ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის მიწვევით იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო