ანა დოლიძე - თამარ ჩუგოშვილის ინიციატივის მიზანია, ნაზი ჯანეზაშვილი მსხვერპლად შევწიროთ „კლანს“

თამარ ჩუგოშვილის ინიციატივის მიზანია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, რაღაცნაირად, მსხვერპლად შევწიროთ „კლანს“ და ვეცადოთ, რომ ნაკლები დისკომფორტი იყოს საბჭოში, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას.

ანა დოლიძე ჩუგოშვილის ინიციატივას მიუღებლად მიიჩნევს.

„ეს წინადადება ჩემთვის მოულოდნელი და რა თქმა უნდა, მიუღებელია. ამ ხუთი ადამიანის გაყვანაში იგულისხმება ნაზი ჯანეზაშვილიც, რადგანაც ეს იგულისხმება, ერთადერთი აზრი მაქვს, რომ ამ ინიციატივის მიზანია ნაზი ჯანეზაშვილი, რაღაცნაირად, მსხვერპლად შევწიროთ „კლანს“ და ვეცადოთ, რომ ნაკლები დისკომფორტი იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სხვა შემთხვევაში, თუ მართლა მართლმსაჯულების ინტერესი გაქვს როგორ შეიძლება მოგაფიქრდეს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოდან გაიყვანო?! პირიქით, ათი ნაზი ჯანეზაშვილი უნდა შემოიყვანო. მეორე პრობლემა ის არის, რომ უმრავლესობას ყველანაირი ბერკეტი აქვს, შეცვალოს კანონმდებლობა და საბჭოს დანიშვნებზე ქვორუმი 14 კაცამდე ასწიოს, კაციშვილს ვეღარ დანიშნავენ ნაზის და ჩემს გარეშე. ანუ აქ იმის გარდა ვერაფერს ვხედავ, რომ გაიყვანონ ხუთი ადამიანი და შემოიყვანონ ხუთი ზაზა ხარებავა. ამას ვინ დაუშლის პარლამენტს და ვანო ზარდიაშვილს?! ამიტომ ეს შემოთავაზება მიუღებელია“, - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, ანა დოლიძე მიმართავს ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძეს და თამარ ჩუგოშვილს, დაასახელონ, თუ როგორ მოხვდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „კლანის“ მხარდამჭერი არამოსამართლე წევრები, მაშინ როდესაც საბჭოში ვერ მოხვდნენ ისეთი გამოცდილი პროფესორები როგორებიც არიან: ირაკლი დვალიძე, კახა წიქარიშვილი და მაია ივანიძე.

„მინდა ყველას ვკითხო, ვინც ამ საკითხში „ოცნებიდან“ მონაწილეობდა, მათ შორის, თამარ ჩუგოშვილს, დაასახელოს მისცა თუ არა მან ხმა ზაზა ხარებავას, ადამიანს, რომელსაც უბრალოდ არ აქვს პროფესიული ბიოგრაფია და რომელიც ამ „კლანის“ მთავარი მხარდამჭერია. დაასახელონ როგორ მოიპოვა ზაზა ხარებავამ 84 ხმა საბჭოში გასამწესებლად. ახლა რომ ძალიან გული შესტკივათ, იგივე კითხვით მინდა მივმართო მამუკა მდინარაძეს, ეკა ბესელიას. მარტივი შესაძლებელია გამოიწვიონ სამი კაცი, რა საჭიროა გამოიწვიო ხუთი კაცი?! თუ აწუხებთ „კლანის“ თანამოაზრეები ეს ხალხი არის: შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი. ყველა გადაწყვეტილებას უდასტურებენ „კლანს“.

თამარ ჩუგოშვილი ძალიან კარგი იურისტია, ამიტომ არ მჯერა, რომ თავის წინადადებებში ვერ გაითვალისწინა, რომ ამ ხუთში მოიაზრება ადამიანი, ვინც მართლა კარგი გაგებით „ააფეთქა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით