ოთარ კახიძე - ხელისუფლება იმგვარად მორგებულ კანონპროექტს გვთავაზობს, რომლითაც ისევ ეს მმართველი კლანი მიიღებს გადაწყვეტილებას

სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლება იმგვარად მორგებულ კანონპროექტს გვთავაზობს, რომლითაც ისევ ეს მმართველი კლანი მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, წარმოდგენილ პროექტში, სადაც საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის რეკომენდაციები.

"დღესდღეობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს მმართველ კლანს აქვს გარანტირებული 11 ხმა. ამ 11 ხმით წარადგინეს ის დეკემბრის 10-კაციანი სია, რომლითაც პრაქტიკულად იგნორირება გაუკეთეს კანონმდებლობას და საკუთარი თავი წარუდგინეს პარლამენტს დასამტკიცებლად. ყველა პოლიტიკური ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს ეს წესი, რომ მხოლოდ ამ 11 ადამიანს არ ჰქონდეს კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის უფლება. სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლება იმგვარად მორგებულ კანონპროექტს გვთავაზობს, რომლითაც ისევ ეს 11 ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს "ევროპული საქართველოსთვის" და ყველა მოთამაშისთვის, ვინც ამ ოთახშია, გარდა "ქართული ოცნებისა", კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკის საელჩო, USAID, ევროკავშირი, ევროსაბჭო - არც ერთი ამ ფიგურების რეკომენდაციები არ არის ასახული. "ქართული ოცნება" ჯიუტად ცდილობს საკუთარი ვარიანტი გაიტანოს. ასე რქებით გატანის მცდელობა გააღრმავებს ამ კრიზისს, რომელიც უკვე შექმნილია", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა