ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დასრულდა

21-22 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის მე-18 სესია გაიმართა. პლენარულ და საკომიტეტო სხდომების ფორმატში 56 ქვეყნის 300-მდე პარლამენტის წევრმა ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების და საარჩევნო პროცესების თაობაზე მოხსენებები მოისმინეს და დისკუსიები გამართეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან მონაწილეობა მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მიიღეს. ქართველმა კანონმდებლებმა საკომიტეტო და ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს და საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ძალიან აქტიური და დატვირთული ზამთრის საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდა და ეუთოს რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე საინტერესო დებატები გაიმართა. დღეს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მიმემართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, სადაც ყურადღება გავამახვილე, თუ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საზოგადოების პრინციპულ პოზიციას, რათა რუსეთმა საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. მათი შესრულების უზრუნველყოფა კი მშვიდობის და უსაფრთხოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ბევრი საინტერესო საკითხი იქნა განხილული. მე როგორც ასამბლეის პრეზიდენტმა დელეგაციების ლიდერებთან შეხვედრები გავმართე, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, კერძოდ თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. არაერთხელ იქნა მწვავედ დასმული ის საკითხები თუ რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თემები და ამ პროცესებში ჩვენი პარტნიორების ჩართულობის საკითხები. ვფიქრობ, რომ ღირებული დიკუსიები გაიმართა, რომელთა შედეგები რამდენიმე თვეში კონკრეტულ რეზოლუციებში აისახება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა ზამთრის სესიის შეფასებისას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა