სვანეთის საზოგადოების ნაწილი კომპანია "ოპტიკალ სისტემს ინკზე“ სვანეთში, ოქროს მოპოვების და წარმოების მიზნით გაცემული ლიცენზიის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ამ მოთხოვნით სვანეთის საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში, კულტურის ცენტრ „მუზაში“ არიან შეკრებილი და შეხვედრას მართავენ. მზადდება მიმართვა პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახელზე.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2006 წელს კომპანია "ოპტიკალ სისტემს ინკს" მესტიის მუნიციპალიტეტში ოქროს მოპოვებისა და წარმოების საშუალება მისცა. მათი ინფორმაციით, სვანეთის მუნიციპალიტეტის უდიდესი ნაწილი - 39 000 ჰექტარი, დასახლებული ადგილები, მრავალსაუკუნოვანი კოშკები, ეკლესიები, სასაფლაოები, სახლები და გარემოს უდიდესი ნაწილი ლიცენზიის მოქმედების არეალში მოექცა და კომპანიას შეუძლია ამ ადგილებზე მოძიებითი და მოპოვებითი სამუშაოები აწარმოოოს.
შეკრებილთა განცხადებით, ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროში საწარმოს მშენებლობის შესახებ ლიცენზიის გაცემის საკითხი განიხილება. სვანეთის საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ოქროს საწარმოო პროცესის დაწყება უდიდეს ზიანს მიაყენებს სვანეთის ეკოლოგიას და ბუნებას გაანადგურებს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, სვანეთში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებთან დაკავშიორებით ხელისუფლებამ საჯარო ღია კონსულტაცია წინასწარ გამართოს.
როგორც სვანეთის საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ხატზე დაიფიცეს, რომ კომპანიას ოქროს მოძიებითი და მოპოვებითი სამუშაოების საშუალებას არ მისცემენ. მათი თქმით, სვანებისთვის ღვთისა და ხალხის წინაშე ფიცის დარღვევა დაუშვებელია, ხოლო მისი აღსრულება სავალდებულოა.
იხილეთ ვიდეო: მესტიის სოფელ იელიში ოქროს ქიმიური გზით მოპოვება გააპროტესტეს