კანონპროექტს, რომლითაც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, საპარლამენტო კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, ერთხმად დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი, პირველი მოსმენით, სახალხო დამცველი აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით განიხილეს. საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გააცნო.

პროექტის გათვალისწინებით, სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.

ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

გარდა ამისა, სექსუალური შევიწროების დეფინიცია ყალიბდება “შრომის კოდექსით“, რომლის თანახმადაც, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებში.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა