არჩილ კაიკაციშვილი - კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დარჩება თუ არა მამუკა ხაზარაძის და „ლისი ლეიქ დეველოპმენტის" საკუთრებაში ლისის ტბის ტერიტორია

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, დარჩება თუ არა მამუკა ხაზარაძის და „ლისი ლეიქ დეველოპმენტის" საკუთრებაში ლისის ტბის ტერიტორია, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც კაიკაციშვილმა აღნიშნა, უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად სცნო ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საჩივარი, რომელიც სასამართლოსგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2006 წელს გამოცემული განკარგულების გაუქმებას ეხება.

კაიკაციშვილის განმარტებით, საკითხზე სასამართლომ მარტის ბოლომდე უნდა იმსჯელოს.

მისივე თქმით, 2006 წელს სააკაშვილის მიერ გამოცემული განკარგულებით, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ჩამოართვეს, რაც მოგვიანებით პირდაპირი მიყიდვის გზით, ახვლედიანის ბიზნესპარტნიორს მამუკა ხაზარაძეს გადასცეს.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში თუ გაუქმდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადავო მოცემულ შემთხვევაში ორი რამ არის. სასარჩელო მოთხოვნა ეხება 2006 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის გამოცემული განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და ადმინისტრაციის მიმართ დავალებას, თავიდან იქნეს საკითხი გამოკვლეული.

მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობა იქნება დადასტურება იმ უკანონო გადაწყვეტილების აღიარების, რომელიც 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ იქნა მიღებული. რაც შეეხება დავალებას, ეს უნდა გაგვეკეთებინა სამართლებრივი თვალსაზრისით, თუმცა იმსჯელებს თუ არა სასამართლო ახალი აქტის გამოცემის მიმართულებით, ეს საეჭვოა, რადგანაც პრეზიდენტს მოცემულ ეტაპზე განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება არ გააჩნია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაევალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ამ უფლებამოსილების შემსრულებელი არის საქართველოს მთავრობა და მთავრობაზე უნდა გავიდეს საკითხი ახალი აქტის მომზადებასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მთავარი იმ სადავო განკარგულების გაუქმებაა და თუკი ის გაუქმდა, ყველა უფლებადამდგენი დოკუმენტი, რომელიც აქტის გამოცემისთვის მიიღეს, ავტომატურად კარგავს იურიდიულ ძალას და საფუძვლებს აცლის ყველა იმ პროცესს, რომელიც ლისის ტბის ჩამორთმევისთვის მზადდებოდა. ამასთან, რამაზ ახვლედიანს როგორც ბიზნესმენს, როგორც ბიზნესპარტნიორს წარმოეშვება კომპენსაციის მიღების საფუძველი და ამასთანავე წარმოეშვება საშუალება დასვას საკითხი სასამართლოს გზით „ლისი ლეიქ დეველოპმენტის" როგორც კეთილსინდისიერი შემძენის საკითხი.

სასამართლომ 3 თვის ვადაში უნდა იმსჯელოს. იქედან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება მიღებულია 27 დეკემბერს, სასამართლოს საკითხის განხილვის ვადა 27 მარტს ეწურება.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დღეს, დარჩება თუ არა მამუკა ხაზარაძის და „ლისი ლეიქ დეველოპმენტის" საკუთრებაში ლისის ტბის ტერიტორია. ეს კითხვის ნიშანი არსებობს, მაგრამ თუ წავალთ ამ ქონებების დაბრუნების მიმართულებით, მაშინ ახალი დავა მოგვიწევს კომპანიასთან, თუ რამაზ ახვლედიანი დაეთანხმება კომერციულ გარიგებას და კომპენსაციას მიიღებს, მაშინ საკითხი აღარ დაისმება.

იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო ამ დავის ფარგლებში სათანადო პრინციპულობას არ გამოიჩენს და მოქალაქის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ვიქნები იმის გარანტი, რომ საქართველო ლისის ტბის წართმევასთან დაკავშირებით სტრასბურგში მიიღებს სარჩელს“, - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები გადაეცა და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა.

„ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა, რომლის კომპანიებიც ვერსადროს ჩაითვლება ლისის ტბის კეთილსინდისიერ შემძენად, აცხადებენ, - „ახალგაზრდა ადვოკატები".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს