ეროვნული ბანკი მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, „გლობალური ფულის კვირეულის" (Global Money Week) ფარგლებში, რომელსაც საქართველო უკვე მეექვსედ უერთდება, ეროვნული ბანკი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებით კონკურსს აცხადებს.

2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ეს კონკურსიც სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება.

კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები შეძლებენ შემოქმედებითი გზით წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა, მოსაზრებები და დამოკიდებულება ქართული ფულის მნიშვნელობის, ისტორიისა და მომავლის, ასევე საქართველოს პირველი ცენტრალური ბანკის მნიშვნელობის, ფუნქციებისა და ზოგადად, ფინანსური საკითხების ირგვლივ.

„შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მიღება, მთელი საქართველოს მასშტაბით, II-VII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა საკუთარი დიზაინით უნდა დახატონ, გამოძერწონ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შექმნან 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა. გასათვალისწინებელია, რომ არსებული დიზაინის მქონე მონეტები და ბანკნოტები არ მიიღება. მოსწავლეებს ეროვნული ბანკისთვის საკონკურსო მასალების მიწოდება შემდეგი ორი გზით შეუძლიათ: საკუთარი ნამუშევრების სკოლის ადმინისტრაციაში წარდგენით, არა უგვიანეს 11 მარტისა ან უშუალოდ ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, არა უგვიანეს 19 მარტისა“, – აცხადებენ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, 20 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი ეროვნული ბანკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება. გამარჯვებულ ავტორთა ნამუშევრები ეროვნული ბანკის ფოიეში გამოიფინება, გამარჯვებულ მონაწილეებს კი ეროვნული ბანკი ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი გაეცნობიან ფულის ისტორიას, მოისმენენ საინტერესო ლექციას ფინანსური განათლების თემაზე და მიიღებენ სებ-ის ბრენდირებულ საჩუქრებს.

ბანკის ინფორმაციით, „გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, ქართული ფულის თემაზე ხატვის კონკურსი პირველად შარშან გამოაცხადა და მასში 200–ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს