ქეთევან ციხელაშვილმა აშშ-ში შეხვედრები გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, ჰელსინკის კომისიასა და ატლანტიკურ საბჭოში გაიმართა, სადაც ქეთევან ციხელაშვილმა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე, მიმდინარე ოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ათასობით ადამიანს ყოველდღიურად ექმნება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, არაღიარების პოლიტიკის მიმართ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ეს მხარდაჭერა ძალიან ქმედითია და საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები ახლა იმ პიკზეა, როგორზეც აქამდე არ ყოფილა. მათ შორის კონგრესის აქტებიდან, საბიუჯეტო კანონიდან გამომდინარე, რომელიც სრულიად ქმედითი მექანიზმია, რომ არაღიარების პოლიტიკას მხარი რეალურად დაუჭიროს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კიდევ ერთი შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტთან გამართა. საუბრის მთავარი თემა, თანაშემწის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, რუსული ოკუპაცია, მისგან გამოწვეული საფრთხეები და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო, რომელიც მთავრობამ შარშან გაასაჯაროვა და ახლა იმპლემენტაციის ფაზაშია.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, გეგმის განხორციელებისათვის პარტნიორების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რადგან არსებობს გამოხატული ინტერესი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა ცხოვრების გაუმჯობესებასაც აღნიშნული ინიციატივა ეხება.

„ჩვენი პარტნიორების მხრიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს. მათ შორის აშშ-საგან. ჩვენ ახლა ქმედით ინსტრუმენტებს ვამუშავებთ, რათა ამ ინტერესებს ვუპასუხოთ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ ნაბიჯი გადავდგათ. შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ მექანიზმებზე, რომლითაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, ხალხთა შორის კონტაქტს. ესაა ძალიან პრაგმატული, პრაქტიკული ნაბიჯები და ვაპირებთ, რომ ისინი გადავდგათ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად“, - დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა