ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - 2025 წელს საქართველოში 11 მლნ საერთაშორისო ვიზიტი იგეგმება, ტურიზმიდან შემოსავლები 6,6 მლრდ დოლარს მიაღწევს

2025 წელს საქართველოში 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება იგეგმება, შემოსავლები კი საერთაშორისო ტურიზმიდან 6,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორის დაახლოებით 300 წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც 2019-2025 წელს განსახორციელებელ სტრატეგიაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის მეშვეობით, 7.9%-მდე გაიზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურისტული პროდუქტის განვითარების შესახებ. მისი თქმით, მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, 2019 წელს ფართომასშტაბიანი ტრენინგ პროგრამების ჩატარება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით 1500 ადამიანი გადამზადდება და სასწავლო კურსები 20 მიმართულებით ჩატარდება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იგეგმება ინფრასტრუქტურის განვითარება, 70 სანიტარული კვანძის მოწყობა, მოსასვენებელი ადგილების აშენება და ა.შ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტურიზმის სფეროში განათლებისა და კადრების გადამზადების, ბაზრების დივერსიფიცირების, საქართველოს როგორც 4 სეზონიანი ტურისული მიმართულების მქონე ქვეყნის განვითარების, ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების შესახებ.

მისივე თქმით, 2025 წლის სტრატეგიაში გამოიყო რამდენიმე საკითხი. მათ შორის 8 სტრატეგიული მიმართულება, 50 პრიორიტეტული აქტივობა, 110 განსახორციელებელი ღონისძიება.

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კახეთში, სამეგრელო ზემო-სვანეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების (DMO) ჩამოყალიბება იგეგმება.