სერგო მეთოფიშვილი - „კოლექტიური სალაძეები” კონსტიტუციური ორგანოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელოვნურად დაშლას ითხოვენ - ვითარება საგანგაშოა!

სულხან სალაძის მოთხოვნა, ათი მოსამართლის გაშვების შესახებ სასამართლო სისტემიდან 90-იან წლებში განვითარებულ “თვითნებობას”მახსენებს, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძის „ინტერპრესნიუსთან“ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც სალაძე სასამართლო სისტემიდან 10 მოსამართლის გაშვებას ითხოვს.

სერგო მეთოფიშვილის აზრით, გარკვეულ პოლიტიკურ წრეებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მოსამართლეების და სასამართლო სისტემის მიმართ „ზღვარგადასულ“ თვითნებობას აქვს ადგილი.

„მე ადრე უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან გრძელდება თავხედი და ზღვარგადასული თვითნებობა სასამართლოს სისტემის და მოსამართლეების მიმართ!ასევე, არაერთხელ ვთქვი, რომ სიტუაცია ყოველ დღე უარესობისკენ მიდის! ამ ადამიანების მოწოდებები სულ უფრო და უფრო ძალადობრივი, ანტიკონსტიტუციური და უკანონო ხდება! შესაბამისად, ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და საგანგაშოა! საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს გიგაურის მოწოდება ძალადობისკენ, რომლის შედეგად ორმა ადამიანმა ქუჩაში ჩემზე თავდასხმა განახორციელა!“- წერს სერგო მეთოფიშვილი.

როგორც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსების ნაწილი სასამართლო სისტემის მისამართით გაკეთებული განცხადებებით პოლიტიკური და პირადი მიზნების მიღწევას ცდილობენ.

„ასევე, ადრე არაერთხელ მოვიყვანე მაგალითები იმ განცხადებების, სადაც პოლიტიკური მიზნებისა და კერძო ინტერესების მისაღწევად ზოგიერთი პოლიტიკოსი და NGO-ს წარმომადგენელი არ ერიდება არაფერს, უპასუხისმგებლო განცხადებებით თესავენ შუღლს და სიძულვილეს მოსამართლეების და ზოგადად სასამართლოს მიმართ! ხალხს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მოსამართლეების მიმართ ძალადობისაკენ! არაერთგზის განვაცხადე, რომ შექმნილმა ვითარებამ საშიშ დონეს მიაღწია! არაერთხელ მივმართე ხელისუფლებას, უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველა საღად მოაზროვნე სუბიექტს რათა მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება და არ ყოფილიყვნენ პასიური მაყურებლის როლში! სამწუხაროა, მაგრამ არც ერთ ჩემს განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა და აი პოლიტიზირებული NGO-ს კიდევ ერთი საოცარი, გაუგებარი და უკანონო მოთხოვნა - პოლიტიზირებული არასამთავროები სასამართლო სისტემიდან მინიმუმ 10 მოსამართლის გაშვებას ითხოვენ(!?) ანუ, “კოლექტიური სალაძეები” ითხოვენ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის სრული დაცვით დაკომპლექტებული კონსტიტუციური ორგანოს, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელოვნურად დაშლას!“-წერს მეთოფიშვილი.

მისივე აზრით, ქვეყანაში არსებობს საფრთხე, რომ „არასამთავრობო სექტორის დიქტატურა“ დამყარდეს, თუმცა როგორც მეთოფიშვილი ამბობს, აღნიშნულს ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.

„საინტერესოა როგორ წარმოუდგენია სალაძეს ასეთი დაშლა? ამ მინიმუმ ათი მოსამართლის გაშვება რა სამართლებრივი გზით უნდა მოხდეს? და თუ არ არსებობს გაშვების სამართლებრივი გზა, მაშინ გაშვების რა გზას გვთავაზობს სალაძე? “კოლექტიური სალაძეები” თავის თავს უფლებადამცველებად მიიჩნევენ, თუმცა ეს “უფლებადამცველები” ადამიანის უფლებების დარღვევას მოითხოვენ! პარადოქსია არა? რა თქმა უნდა, სალაძე ამ კითხვებზე ვერ გვიპასუხებს. სალაძის ასეთი მოთხოვნა (ათი მოსამართლის გაშვება სასამართლო სისტემიდან) მახსენებს 90-იან წლებში განვითარებულ “თვითნებობას”! ჩემი აზრით, მსგავსი მოთხოვნებით ჩვენს ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს პოლიტიზირებული არასამთავრობო სექტორის დიქტატურა! დიქტატურა საშიშია ნებისმიერი ფორმით! დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება, ვინაიდან ჩვენი საზოგადოება უცხოელი პარტნიორების დახმარებით, დიქტატურას არ დაუშვებს!“-წერს მეთოფიშვილი.

შეგახსენებთ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ სასამართლო სისტემიდან მინიმუმ 10 მოსამართლის გაშვების აუცილებლობაზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით,ესენი არიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის მოსამართლე წევრები, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ ათკაციან სიას მხარი დაუჭირეს. ეს მოსამართლეები არიან: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ონიანი.

ამასთან, სულხან სალაძის განმარტებით, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია აქვთ. სალაძის თქმით, მათ უზენაეს სასამართლოში წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიას „საშობაო საჩუქარიც“ კი უწოდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო