ადვოკატი - ზვიად კუპრავას დაკავება აპრიორი იმას არ გულისხმობს, რომ მას 9 თვე მოუწევს საპყრობილეში ყოფნა

ზვიად კუპრავას დაკავება აპრიორი იმას არ გულისხმობს, რომ მას 9 თვე მოუწევს საპყრობილეში ყოფნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დაკავებული ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გირაოს პატიმრობით შეცვლას მას შემდეგ გაასაჩივრებს, რაც კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც სასამართლოს უპატივცემლობას ედავებიან, განაჩენი გამოცხადდება.

„თუ ჩავთვლით, რომ აღკვეთი ღონისძების შეცვლა უკანონო იყო, განაჩენთან ერთად გავასაჩივრებთ. ზვიად კუპრავა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გამო დააკავეს, მას გირაო ჰქონდა შეფარდებული სასამართლოს უპატივცემლობის ნაწილით წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით. პროკურატურამ ახალი ბრალის წაყენება გირაოს პირობების დარღვევად მიიჩნია, რაც სასამართლომ გაითვალისწინა. ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ საჩივრდება, საჩივრდება განაჩენთან ერთად, ამიტომ ცალკე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გასაჩივრებას ამ დროისთვის ვერ ვახერხებთ.

აღკვეთის ღონისძება ყოველ ორ თვეში, სასამართლოს ინიციატივით იხილება,ანუ 2 თვის შემდეგ, სასამართლო ვალდებულია, თავისი ინიციატივით გადასინჯოს პატიმრობა. ასევე, თუ ახალი გარემოება გამოიკვეთება, რომელიც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, სასამართლოს დავუსაბუთოთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება აღარ არის საჭირო, ამ შუამდგომლობით მივმართავთ. კუპრავას დაკავება აპრიორი არ გულისხმობს, იმას რომ 9 თვე მოუწევს საპყრობილეში ყოფნა“, - აცხადებს მარიკაშვილი.

როგორც ის განმარტავს, ზვიად კუპრავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

„დღემდე სასამართლოს ისტორიაში და არც პროკურატურის საქმიანობის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა სასამართლოს სხდომის გარეთ სასამართლოს მიმართ გამოთქმული შეხედულებების, მათ შორის, მიუღებელი შეხედულებების გამო, პირი პასუხისგებაში მიეცათ. ამიტომ ვთლით, რომ ეს ბრალდება არ ჯდება იმ მუხლში, რომლითაც ზვიად კუპრავას ბრალი აქვს წაყენებული. ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს“, - აცხადებს ადვოკატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა