ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები უზუსტობებს შეიცავს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრის კუთხით მერია აქტიურად მუშაობს. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს ომბუდსმენის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა, თბილისში მთავარი დამაბინძურებელი მოძველებული ავტოპარკი და სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა, მისივე თქმით, ომბუდსმენის ანგარიში მაინც უზუსტობებს შეიცავს.

„ჰაერის დაბინძურების შემცირება ჩვენი პრიორიტეტი რომ არის ამაზე ერთი წელია ვსაუბრობთ. გვექნება გარკვეული ინიციატივები და მომზადებულია კიდეც კანონპროექტი, რაზეც თბილისის მერი საზოგადოებას ინფორმაციას აუცილებლად მიაწოდებს უახლოეს პერიოდში, თუ რა ხედვები აქვს თბილსიის მერიას ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებით. ამას ემსახურება ზონალური პარკირება, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და ავტობუსების ავტოპარკის ჩანაცვლებაც. რასაკვირველია, სამშენებლო მიმართულება არის ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი ჰაერის დაბინძურებაში კონტრიბუციის სახით და ამ მიმართულებითაც მერია უახლოეს მომავალში გააცნობს საზოგადოებას ხედვას. როგორც იცით, ჩვენი მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში განხილვის ეტაპზეა. გვინდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც უახლოეს პერიოდში მოგვცემს გარკვეულ შედეგებს. დღეს თბილისში ჰაერის დაბინძურების ორი მსხვილი შემადგენელი კომპონენტია - ტრანსპორტიდან გამონაბოლქვი და სამშენებლო მასალებიდან დაბინძურება. მერია ორივე მიმართულებით მუშაობს. მოხდება რეგულაციების გამკაცრება არა მხოლოდ სამშენებლო ობიექტებზე, არამედ სარეალიზაციო პუნქტებშიც“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არა რამდენი იქნება ჯარიმა, არამედ რაზე იქნება ჯარიმა.

„სახალხო დამცველის ანგარიში, როგორც ვხედავ, შეიცავს ხარვეზებს. 2018 წელს, როდესაც გავზარდეთ სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმები, 12 მილიონ ლარამდეა დაახლოებით გამოწერილი ჯარიმები და შემოსულია ეს თანხები. ოპოზიციაც კი არ საუბრობს ასეთ რამეს და საიდან მოაქვთ ისიც კი არ ვიცი. გაზრდილი ჯარიმებიდან გამომდინარე, 11 მილიონ ლარზე მეტია მიღებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. როდესაც ჯარიმები გავზარდეთ, მაშინ იყო კრიტიკა რომ ამ გაზრდილ ჯარიმებს არ გამოვიყენებდით, თუმცა, ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტმა 11 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერა. თუმცა, მნიშვნელოვანია ეს კლებისკენ წავიდეს, რადგან ჯარიმების მიზანი არა ბიუჯეტის გაზრდა, არამედ დარღვევების პრევენციაა. როცა სახალხო დამცველი ანგარიშს აკეთებს, უნდა გამოითხოვოს მონაცემები და ამაზე დაყრდნობით უნდა იწერებოდეს ანგარიში, მაგრამ მე არ მიმიღია მონაწილეობა სახალხო დამცველის ანგარიშის შედგენაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, 2018 წელს სამშენებლო დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმების ოდენობა არის 11 მილიონ ლარზე მეტი, შესაბამისად, ვერ მივიღებ კრიტიკას, რომ სამშენებლო დარღვევებზე არ ხდება რეაგირება, ეს არის ტყუილი და არასწორი“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კერძოდ, ავტობუსებს, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემას წარმოადგენს დიზელზე მომუშავე ავტობუსები, ხმალაძე ამბობს, რომ ომბუდსმენის ანგარიში აქაც მცდარ მონაცემებს შეიცავს.

„სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით ამ განცხადებას მეც გავეცანი და მცდარ ინფორმაციას შეიცავს. დღეს ქალაქში რაც ახალი MAN-ის ავტობუსები დადის, ეს არის ევრო 6 გაზზე მომუშავე, რასაც გამონაბოლქვის მინიმალური დონე აქვს და შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. რაც შეეხება ახალ ავტობუსებს, რომელიც ჯერ არ შემოსულა, შეძენილი გვაქვს „ევრო 6“ დიზელზე მომუშავე ავტობუსები და ამისთვის „ევრო 6“ ტიპის დიზელი უკვე ნაყიდი გვაქვს, მარაგი არსებობს და მოხდება მისი მოხმარება. ეს ავტობუსები სხვა დიზელს ვერც მოიხმარენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრობლემა ამ მიმართულებით არ გვაქვს. „ევრო 6“ ტიპის გზაზს და „ევრო 6“ დიზელს აქვს გამონაბოლქვის მინიმალური დონე. აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა საწვავის ტიპი გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილიყო. რაც შეეხება სრულად ელექტროავტობუსების პარკზე რატომ არ გადავედით, ამას აქვს ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა და რისკფაქტორი, რის გამოც მსოფლიოს არც ერთი ქალაქი არ არის სრულად ელექტროავტობუსზე გადასული. მივყვებით განრიგს, გრაფიკს და ეტაპობრივად მოხდება ელექტროავტობუსების დანერგვაც“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტი ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს ქმნის. ამავე ანგარიშის თანახმად, დედაქალაქში ეტაპობრივად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც საქართველოში ევროკავშირის სტანდარტს არ შეესაბამება. ამასთან, ომბუდსმენი სამშენებლო სამუშაოების დროს ჰაერის დაბინძურებაზე ჯარიმების გამკაცრების მომხრეა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, როგორც სამშენებლო სამუშაოების დროს ჰაერის დაბინძურებისას, ასევე სამრეწველო სამუშაოების წარმოების დროს სამწუხაროდ, არ ხდება სანქციების გამოყენება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დარღვევებისთვის არც ერთი საწარმო არ დაუჯარიმებიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო