სათხეს სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება

სათხეს სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, V-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანებების ხარისხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ტაძრის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM - The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებს დაექვემდებარება. ამასთან, სათხის მონასტრის სარესტავრაციო მეთოდოლოგიისა და საკონსერვაციო სტრატეგიის შემუშავებას პროექტის მთელი მიმდინარეობისას იკრომის მიერ აღიარებული ექსპერტი სტეფანო ვოლტა უზრუნველყოფს.

„მონასტრის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება, არქიტექტორულ-არქეოლოგიური ანაზომების შესაბამისობაში მოყვანას, ახლად აღმოჩენილი მასალის დამუშავებას და კონსტრუქციული გადაწყვეტის პროექტის მომზადებას დაეთმობა. მიმდინარე წელს გათვალისწინებული სამუშაოების მსვლელობისას გამაგრდება ძეგლის კონსტრუქციული წყობები და შემდგომი სარესტავრაციო ჩარევებისათვის მომზადდება მისი სტრუქტურული სეგმენტები. 2019 წელსვე დაიწყება ქვის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპიც. დასრულდება კედლის მხატვრობის დროებითი გამაგრების მე-2 ფაზა“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სათხეს რეაბილიტაციის პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელებულ სამუშაოებს უცხოელ ექსპერტთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, კომპანია „არ-ემ-ჯის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, ბოლნისის ეპარქიისა და საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტის” წარმომადგენლები ესტუმრებიან.

„დაბა კაზრეთთან მდებარე სათხეს სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატივით, სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „RMG“-ს დაფინანსებით უკვე მე-2 წელია მიმდინარეობს. სარესტავრაციო პროცესი ოთხ წელზეა გათვლილი, რომლის განმავლობაში კომპანია „არემჯი“ 480 000 ლარს გამოყოფს.

პროექტი საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „RMG“-ს შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს. სარეაბილიტაციო პროცესის საწყის ეტაპზე გასუფთავდა ტაძართან მიმავალი გზის მონაკვეთი და მოეწყო დროებითი სამშენებლო-ინფრასტრუქტურელი ნაგებობები.

ავთენტური ქვების მოძიების მიზნით, ტაძრის გარე და შიდა პერიმეტრზე არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მოიხსნა მიწაყრილის 60- 130 სმ სიმაღლის ფენა. პროექტირების ეტაპზე მარკირებული 200 ზე მეტი ავთენტური ქვა დასაწყობდა. ახალად აღმოჩენილი ქვები კი აზომვებისა და ფოტოფიქსაციის შედეგად იდენტიფიცირდა და სარესტავრაციო გეგმაზე აისახა. ტაძარი სრულად გაიწმინდა ხე-მცენარეებისაგან და სათანადო მეთოდით დამუშავდა. დროებით კონსერვირდა კედლის მხატვრობის დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სათხის სამონასტრო კომპლექსზე დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუსაოებს კომპანია „ბაგინეთი +“ ახორციელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ექსპერტი სტეფანო ვოლტა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 2010 წლიდან მუშაობს და კონულტაციას უწევს ქართველ სპეციალისტებს შემდეგ ძეგლებზე: გელათის მონასტერი (მსოფლიო მეკვიდრეობის ძეგლი), ატენის სიონი, მეტეხის ტაძარი, ანჩისხატი, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი (მსოფლიო მემკვიდროების ძეგლი), ნიკორწმინდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო