გივი თარგამაძე - ჩემი მანქანის აფეთქების საქმეზე 18 წელი მიესაჯა ადამიანს, რომელიც არ არსებობს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, მისი მანქანის აფეთქების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც ვერ იქნება დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გივი თარგამაძემ განუცხადა, გამოძიება ამტკიცებს, რომ დავით ხეჩუაშვილი ამ დროისთვის ძებნილია, თუმცა სად არის, ან როდის გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, მისთვის უცნობია.

გივი თარგამაძის განმარტებით, ზოგადად ეს სასჯელი ადეკვატურია, თუმცა ხეჩუაშვილის სახით შერჩეულია ადამიანი, რომელის დაკავებაც ვერ მოხერხდება. ის მიიჩნევს, რომ აფეთქების ფაქტისთვის გამოძიებას ტერორიზმის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭებინა. ამასთან, თარგამაძის განმარტებით, მისი მანქანის აფეთქების საქმეში დავით ხეჩუაშვილთან ერთად ფიგურირებს ორი ადამიანი - ბორის ჩაგუნავა და დიმიტრი აბრამიშვილი. მისივე ინფორმაციით, ხეჩუაშვილი, ჩაგუნავა და აბრამიშვილი, წარსულში ე.წ. მუხროვანის ამბოხების თანამონაწილეები არიან. როგორც თარგამაძე ამბობს, ამ დროისთვის ჩაგუნავა თავისუფლებაშია და აბრამიშვილიც შესაძლოა, საქართველოში იმყოფება.

„დარჩო(დავით) ხეჩუაშვილისთვის ეს ადეკვატური სასჯელია. დადგენილია, რომ პირადად მან ააფეთქა ბომბით ჩემი ავტომობილი, თუმცა ეს 18 წელი მიესაჯა ხეჩუაშვილს, რომელიც არ არსებობს. ანუ ის არ არის დაკავებული. გამოძიების მტკიცებით, საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მან ქვეყანა დატოვა. ეს კი მხოლოდ ვარაუდს ემყარება. არ არსებობს ამის მტკიცებულება, ამიტომ ის შესაძლოა, თეორიულად აქაც იმყოფება, ცოცხალიც იყოს ან არ იყოს. ისეთ პიროვნებას მიუსაჯეს სასჯელი, რომელიც ვერ იქნებოდა დაკავებული. ამასთან ერთად, გამოძიებაში საქმის შესრულების ფარგლებში დადგენილი იყო მისი ორი თანამზრახველი - ბოროს ჩაგუნავა და დიმიტრი აბრამიშვილი.

ბორის ჩაგუნავა არის დარჩო ხეჩუაშვილის ცოლის ძმა, რომელთანაც სახლში აღმოჩინეს მთელი ეს არსენალი, სამი ტიპის ასაფეთქმებლი ნივთიერება, ბომბისთვის საჭირო ყველა მასალა, დეტონატორები, ავტომატები და ა.შ. ეს საქმე ცალკე გამოყვეს იმისთვის, რომ მე სიტყვის თქმის საშუალება არ მქონოდა. შესაბამისად, ეს ადამიანი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს. ასევე საინტერესოა, რომ ის გაასამართლეს შეძენაზე და თუ საბრძოლო მასალა ხეჩუაშვილის შეძენილი იყო, მაშინ რას ასამართლებდნენ ამ ადამიანს?! აღსანიშნავია ის, რომ ჩაგუნავა წარსულში ბრალდებული იყო ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილ პირველ ტერაქტში და ასევე მუხროვანის პირველ ამბოხებაში. ამის ფონზე მას ოთხი წელი მიუსაჯეს და შემდეგ გაუშვეს სახლში.

მეორე პირი, ვინც გამოძიებით დადგინდა, რომ შესრულების ფაზაში მონაწილეობდა, ეს არის დიმიტრი აბრამიშვილი. საბოლოო ჯამში აბრამიშვილს ეჭვმიტანილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თუმცა მეთანხმებოდნენ, რომ ნამდვილად მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ანუ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანიც, შესაძლოა, თავისუფლად იმყოფება საქართველოში“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა დ.ხ.-მ გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია გივი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას. მან თანამზრახველთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა. სასამართლომ ძებნილი ბრალდებულის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო