გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (NAHP) 32-ე შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (NAHP) სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 32-ე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი უძღვებოდა.

ამასთან, მისასალმებელ სიტყვაში გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს 10 წლიანი მუშაობისთვის. მუშაობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება უმნიშვნელოვანესად შეაფასა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო ჯგუფის მენეჯმენტს სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტი გადაიბარებს.

„მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს და ექსპერტებს პროგრამის განხორცილებაში შეტანილი წვლილისთვის. პროგრამის ფარგლებში ხელშესახები შედეგები გვაქვს, მაგრამ პერსპექტივაში გამოწვევები ბევრია, ამიტომ ვფიქრობ დონორები ჩვენს გვერდით იქნებიან და მომავალშიც ეფექტიან თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამინისტროს ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და მესტიის მუნიციპალიტეტების ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფერმერებისთვის ცხოველებში ჯილეხის და სხვა დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში კომპენსაციის მექანიზმები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ევროკავშირის (EU) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა