ირაკლი კობახიძე - საქართველო წარმოადგენს ღია და თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ნაწილს

„გვწამს, რომ საქართველო წარმოადგენს ღია და თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ნაწილს და მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკით შეძლებს განვითარებას და წინსვლას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ეკონომიური სიტუაციის მიუხედავად, საქართველომ მიაღწია წლიურ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, რომელიმე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსის უპირატესობის გარეშე.

„ჩვენი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი და გამორჩეულია რეგიონის მასშტაბით, რადგან რეგიონი ჩაფლულია ეკონომიკურ სტაგნაციასა და რეცესიაშიც კი. საქართველოს უპირატესობები გადის ძლიერ ეკონომიკურ გაცვლაზე არ მხოლოდ რეგიონის ქვეყნებთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლიბერალურ საერთაშორისო სავაჭრო წესრიგს. გვწამს, რომ საქართველო წარმოადგენს ღია და თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის ნაწილს და მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკით შეძლებს განვითარებას და წინსვლას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რეგიონალური სავაჭრო, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ენერგო-დინებებისა და კულტურული ურთიერთობის ცენტრად პოზიციონირებით, საქართველო ცდილობს, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება.

„საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან, რაც უდიდეს უპირატესობას გვანიჭებს რეგიონალურ ვაჭრობაში, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეფექტურად გამოიყენოს აღნიშნული სავაჭრო შესაძლებლობები. ჩვენ ღია ვართ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აშშ-სთან იქნება არა მხოლოდ უდიდესი ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული აქტივიც საქართველოსათვის. კარგად ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად უნდა გაიზარდოს იმისათვის, რომ ჩვენი ევროკავშირისკენ სწრაფვა დამაჯერებელ პირობად გადაიქცეს. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეკონომიკის განვითარება არის ნიშანი ხელისუფლების ჭეშმარიტი მზაობისა მოქალაქეების კეთილდღეობის მიმართ. ჩვენ მზად ვართ, შევამციროთ სიღარიბე და მოვახდინოთ სოციალური კეთილდღეობის სტანდარტების გაუმჯობესება. საქართველოს ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების მანძილზე იმის მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება შედარებით სუსტმა ეკონომიკამ მოახდინოს მოქალაქეების სოციალური საჭიროებების პრიორიტიზირება და მიმართული იყოს გრძელვადიან განვითარებაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს