ეკა გიგაური - პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, ეკა ბესელია მზადაა, კანონპროექტში სხვადასხვა ჯგუფის მოსაზრებები გაითვალისწინოს

ეკა ბესელიამ მზაობა გამოთქვა გაითვალისწინოს კანონპროექტში სხვადასხვა ჯგუფის მოსაზრებები განსხვავებით პარლამენტის თავმჯდომარისგან, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ეკა ბესელიას მიერ „საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ეკა გიგაურის თქმით, ის ემხრობა ბესელიას მიერ წარმოდგენილ პროექტს.

„ამ ფორმატსა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს შორის დიდი განსხვავებაა. ამ შემთხვევაში ეს ფორმატი არის უფრო ღია და კანონპროექტის ავტორები არიან მზად სხვადასხვა კონსულტაციები გააგრძელონ, მათ აქვთ მზაობა შეთანხმება შედგეს ამ კანონპროექტთან მიმართებაში.

ჩვენ ვემხრობით ბევრ საკითხს ეკა ბესელოას კანონპროექტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია მათ შორის იგივე სამუშაო ჯგუფის შექმნა პარლამენტში, რომელიც გადახედავს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიას და აშ.ჩვენთვის მთავარია, რომ ბესელია მზად არის გავაგრძელოთ კონსულტაციები.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას, ჩვენ არც გვქონდა საშუალება რომ გავცნობოდით კანონპროექტს. ასევე მან არ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. გარდა ამისა, იმ სამუშაო ფორმატში, რომელიც შექმნა პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოდგენილი იყვნენ ზუსტად იმ „კლანის“ წევრები, რომელთა წასვლასაც ვითხოვთ სასამართლოს სისტემიდან. ჩვენ ამ პროცესში, რომელიც ბესელიას მიერ არის ინიცირებული, ჩავერთვებით. მივიღეთ გარანტიები, რომ კონსულტაციებს გავაგრძელებთ და იმედი მაქვს, რომ მივიღებთ კანონპროექტს, რომელიც ძალიან ბევრი ჯგუფის ინტერესები იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე რამდენიმე კანდიდატის დასახელება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად მაღალი კვორუმი დასჭირდება, რაც არამოსამართლე წევრების მხრიდან მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე არის კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვით, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ კანდიდატების კანონთან შესაბამისობის დადგენის ფორმალური შესაძლებლობა მიეცემა, კვორუმის პრობლემა აღარ იქნება, რადგან საბჭოს კანდიდატების დაბლოკვის შესაძლებლობა არ ექნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა