არც ერთ ყოფილ პატიმართან, ვისთანაც წინა რეჟიმის დროს სამსახურეობრივი შეხება მქონია, პრობლემა არ მაქვს. მეშინია ვირთხების, რომ უკნიდან ვიღაც არ მომეპაროს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ციხის კადრების ავტორმა, ლადო ბედუკაძემ განუცხადა.
ბედუკაძეს მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან როგორც ის აღნიშნავს, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობთ.
„ეს საქმეებიც იმ 11 საქმეს მიემატა, რომელიც აქამდე პროკურატურაში მქონდა შეტანილი. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, არ გამოიძიებენ. ალბათ, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ, რომ ბედუკაძე არ გამართლდეს. აწყობთ, რომ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ვიყო და პოლიტიკური ამბიციები არ მქონდეს. ამ შემთხვევაში, ჩემთვის სულერთია, „ნაცმოძრაობა“, „ქოცმოძრაობა“.
ბოლო ფაქტზე გამოსაძიებელი რა არის, ყველაფერი ნათელია, ხელისგულზე უდევთ ყველაფერი“, - აცხადებს ბედუკაძე.
მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში მასზე განხორციელებული თავდასხმები შურისძიების მიზნით ხდება.
„შურისძიების ფაქტორია. უნდათ, ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი(ციხის კადრები) დადგმული, ინსცენირებული იყო და ამის დამკვეთი ივანიშვილია. არც ერთ ყოფილ პატიმართან, ვისთანაც წინა რეჟიმის დროს მქონდა სამსახურეობრივი შეხება, პრობლემა არ მაქვს. ალბათ, ბევრ ადამიანს ეშინია ვირთხების, ცხოველების. მეც ასე, ალბათ, მეშინია ვირთხების, რომ უკნიდან ვიღაც არ მომეპაროს“, - განაცხადა ბედუკაძემ.