მამუკა მდინარაძე - როცა სიტუაცია დაღვინდება, კარგად გამოჩნდება, რა პოლიტიკური ინტერესების ლობირებას ჰქონდა ადგილი მათგან, ვინც წასვლის მიზეზად არაკონსტიტუციურ კანონპროექტს ასახელებს

ძალიან დასანანია, როცა “ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები წასვლის მიზეზად არაკონსტიტუციურ კანონზე უარის თქმას ასახელებენ - ამ ყველაფერში აშკარად ჩანს კონკრეტული სუბიექტური ინტერესების ნარატივი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის შემადგენლობა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა შეიძლება დატოვოს. “დროთა განმავლობაში, როცა სიტუაცია დაღვინდება, შეიქმნება ერთი თუ ორი ახალი ფრაქცია, რასაც ჟურნალისტები აანონსებთ, კარგად გამოჩნდება, რა იყო რეალური მიზეზი, რა პოლიტიკური ინტერესების ლობირებას ჰქონდა ადგილი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილების მიზეზად არაკონსტიტუციური კანონის არმიღებას ასახელებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ აქვე დასძინა, რომ პარტია “ქართული ოცნების“ ყველა ხელმძღვანელი პირი საერთო პოზიციაზე დგას.