„ელმავალმშენებელ ქარხანაში" დასაქმებულები და რკინიგზის ახალი პროფკავშირები 6 მარტს, ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ

„ელმავალმშენებელ ქარხანაში" დასაქმებული ადამიანები და რკინიგზის ახალი პროფკავშირები 6 მარტს, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ განუცხადა.

"სამწუხაროდ, ქარხნის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკების სამმხრივ ფორმატზე და პროფკავშირები და მუშები იძულებული გახადა გამოიყენონ კანონით მინიჭებული უფლება. საპროტესტო აქცია გახდება უფრო რადიკალური. ჩვენ შევეცადეთ, მედიატორის ჩართულობით კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში მომხდარიყო შეთანხმება და ადამიანებს მიეღოთ 5-6 თვის კუთვნილი ანაზღაურება. ადმინისტრაცია ამ მოთხოვნას შეხვდა ხისტი უარით. მათ უარი განაცხადეს პროფკავშირებთან შეხვედრაზე. ეს ერთი ერთში იმეორებს რკინიგზის ადმინისტრაციის პოზიციას უახლოეს წარსულში განხორციელებულ აქციებთან დაკავშირებით. მათი წარმომადგენელი ახლა აქ იმყოფება და დირექტივებს აძლევს დირექციას. პროფკავშირები გამოიყენებს მთელ საკუთარ რესურსს, რათა არ დაიჩაგრონ ქარხანაში დასაქმებული ადამიანები", - განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, სამშაბათს გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია, რომელსაც პროფკავშირების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები შეუერთდებიან.

"ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ ადამიანების მიმართ. ადმინისტრაციას ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვთ ამ ქვეყანაში. საქართველოში არსებობს შრომის კოდექსი, კანონი და ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს ამ კანონს" , - აღნიშნა რკინიგზის ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა.

რაც შეეხება დღეს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრას, ის არ შედგა, ვინაიდან ქარხნის ხელმძღვანელობამ პროფკავშირების წარმომადგენლების თანდასწრებით მუშებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულმა მედიატორმა მარიამ სიგუამ კი ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.

მისი განცხადებით, მედიაციის პროცესი მედიით გაშუქებას არ ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა