საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც მოსამართლე მერაბ ტურავამ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, სასამართლო "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის შუამდგომლობას ევა გოცირიძის აცილების თაობაზე ვერ დააკმაყოფილებს, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ ევა გოცირიძის აცილებისთვის საკმარისი არგუმენტი არ არსებობს. მოსამართლის მერაბ ტურავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსამართლეები პარლამენტის ყოფილი წევრები არიან და მათ ამ კანონებზე მსჯელობა უწევთ.
მერაბ ტურავას თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეობის პერიოდში ისინი მიუკერძოებლობის პრინციპს გადაუხვევენ. მერაბ ტურავას განმარტებით, მოსამართლე ევა გოცირიძე მზად იყო მოსარჩელის მხარის შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა, რათა საზოგადოებაში კითხვები არ გაჩენილიყო.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე განხილვის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელს განიხილავენ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების საკითხი დააყენა. გიორგი მშვენიერაძის თქმით, ევა გოცირიძის მონაწილეობა საქმის განხილვაში მიუკერძოებლობაზე ეჭვებს ბადებდა. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო და სწორედ მისი წევრობისას მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სხდომის დახურვის გადაწყვეტილება.