პროკურორი - დარწმუნებული ვარ, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ემზარ გაგნიძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ტელეკომპანია „იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევა.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარვადგინეთ რეპლიკა, რომელშიც გავაბათილეთ დაცვის მხარის მიერ წარმოთქმული დასკვნითი სიტყვა და მათი შეფასებები. მიმოვიხილეთ ყველა ის მტკიცება, რომელსაც ემყარება ბრალდება. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდებები, როგორც ზურაბ ადეიშვილის, ასევე გიორგი ლაცაბიძის ნაწილში სრულიად დასაბუთებულია.

დარწმუნებული ვართ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი როგორც გიორგი ლაცაბიძის, ასევე ზურაბ ადეიშვილის მიმართ", - განაცხადა გაგნიძემ.

ის დღევანდელი პროცესის გადადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაცვის მხარე საქმეს ხელოვნურად აჭიანურებს.

"ბრალდების მხარე ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ედავება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას. აღნიშნულის დასადასტურებლად ჩვენ გამოძიებაში მოვიპოვეთ არაერთი მოწმის პირდაპირი ჩვენება, ასევე გამოვითხოვეთ წერილობითი მტკიცებულებები სხვადასხვა დაწესებულებიდან. ასევე გამოვითხოვეთ სანოტარო ბიუროში არსებული იძულებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რაც ტელეკომპანია "იბერიას" კუთვნილი ლიცენზიის იძულებით დათმობას ეხება. ასევე დეტალური ამონაწერებით, სატელეფონო ანძებით ვადგენთ, რომ სწორედ ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ლაცაბიძემ ჩაიდინეს მათდამი ბრალად შერაცხული ქმედებები", - აცხადებს პროკურორი.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც პირველ აპრილს ჩაინიშნა, მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე ზურაბ ბრალი ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს 2016 წელს წაუყენეს.

ადეიშვილს და მის მოადგილე ლაცაბიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს