პენიტენციური სამსახურიდან 190 თანამშრომელი გაათავისუფლეს

სასჯელაღსრულებიდან რეორგანიზაციის შედეგად 190 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, 2019 წლის 15 იანვარს რეორგანიზაციის პროცესის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მიეწოდა თითოეულ თანამშრომელს, ვისაც ეხებოდა რეორგანიზაცია. პროცესი შეეხო როგორც სამოქალაქო დანაყოფს, ასევე სპეციალური დანაყოფის ერთ ნაწილს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც 22 თებერვალს დასრულდა, შტატით გათვალისწინებული 4 070 პოზიციიდან 190 თანამშრომელი გათავისუფლდა, რომელთაც კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგო კანონით დადგენილი წესით მიეცემათ.

„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო სამოქალაქო დანაყოფების შემცირება და სპეციალურ დანაყოფებში ზოგიერთი პოზიციის გაუქმება, და ამ გზით სპეციალურ დანაყოფში და პენიტენციურ დაწესებულებებში ხელფასის ზრდა.

კერძოდ, ორად გაიყო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო და ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, ხოლო ამ უკანასკნელს შეუერთდა სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო. შედეგად, ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბარდაგები/გუშაგები) კორპუსი გაიზარდა და მათი ოდენობა განისაზღვრა 555 საშტატო ერთეულით, რომელთაგან 60-მდე პოზიცია კონკურსის წესით შეივსო, 400-მდე საშტატო ერთეული ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ხოლო ახალ ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადება იგეგმება. საბოლოოდ, მოცემულმა ცვლილებებმა თავიდან უნდა აგვაცილოს ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესების ჩაშლა ან გადადება ხდებოდა პატიმართა ბადრაგირების შეუძლებლობის გამო.

ჩამოყალიბდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომელშიც გაიმიჯნა სოციალურ მუშაკთა ფუნქციები შემთხვევის მმართველად და შემთხვევის ადმინისტრატორად, ხოლო რამდენიმე პირი, რომელიც სოციალურ მუშაკად მუშაობდა ისე, რომ საამისო არც პროფესია და არც პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა, გათავისუფლდა. სოციალური მუშაკის გაჩენილ ვაკანსიებზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი და დეპარტამენტი შესაბამისი განათლების მქონე პირებით დაკომპლექტდება.

თანამდებობების უფლება-მოვალეობათა შესწავლისა და ანალიზის შედეგად გაიზარდა ცალკეული თანამდებობისათვის (ინსპექტორ-კონტროლიორი, ესკორტის ოფიცერი) თანამდებობრივი სარგოები. ამასთანავე, პენიტენციური სამსახურის სისტემაში აღმოიფხვრა წლების განმავლობაში მოქმედი პრაქტიკა, როდესაც თანამშრომლები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად სისტემატურად იღებდნენ რამდენიმე ტიპის დანამატს. ყველა დანამატი თანამდებობრივ სარგოსთან გაერთიანდა და ამიერიდან თანამშრომლები მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო განსაკუთრებული დამსახურების შემთხვევაში პრემიას მიიღებენ.

სტრუქტურული ცვლილებების საბოლოო მიზანს პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედების სფეროში შეყვანა წარმოადგენს. სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა 8 დეპარტამენტი (ნაცვლად 10 დეპარტამენტისა და 2 სამსახურისა),“- აღნიშნულია სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ სტატია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა